ფაქტობრივი ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ – პაატა ლომაძე

“ფაქტობრივი ხელისუფლება ვალდებულია გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ, იმისთვის, რომ ქვეყანა უმძიმეს კრიზისში შესვლას ასცდეს,” – ასე ფიქრობს პაატა ლომაძე, “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალური დირექტორი,
რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება და შეფასებები BM.GE-ში შეკრებული ბიზნესის “სამუშაო შეხვედრაზე” გააჟღერა.
ბიზნესი გიორგი ისაკაძის მოწოდებით შეიკრიბა დღევანდელი კრიზისის შესაფასებლად.
საქმიანი საზოგადოება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობს.
პაატა ლომაძემ განაცხადა, რომ ერთპარტიული მმართველობა, დემონსტრანტების დარბევა და სასამართლოში არსებული ვითარება ქვეყანას ევროპულ მომავლს აშორებს.
“მე როგორც ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში, ევროინტეგრაცია რომ ჩვენი გენეტიკური ნაწილია ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ის რაზეც გული გვისკდება არის ის, რომ დღესდღეობით საქართველოში რაც ხდება, ყველაფერი ხდება არაევროპული. არის ერთპარტიული მმართველობა, სასამართლოში დიდი პრობლემებია, ქუჩაში დემონსტრაციები საშინელი ბრუტალური წესით ირბევა, ბანდფორმირებები დარბიან ქუჩაში, ყველაფერი არის არანორმალური,” – ამბობს ლომაძე და იქვე ამატებს, რომ ის, რაც უპირველესად, დაუყოვნებლივ, უნდა გაკეთდეს, არის ამ დარბევების შეჩერება და პატიმრების გამოშვება.
“შემდგომ უნდა გადავიდეთ დეესკალაციისა და გრძელვადიანი კომპრომისების მოძიების პროცესზე. იმისთვის, რათა ჩვენ ამ პროცესში არ ჩავიჩეხოთ აუცილებელია კომპრომისული ნაბიჯები გადადგას ფაქტიურმა ხელისუფალმა, რათა შესაძლებელი გახდეს იმ მომავლის მიღწევა, რომელიც ჩვენ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის გვინდა”, – ამბობს GPI ჰოლდინგის გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე.