“ფაქტობრივად, უკვე გამოვედით ОДКБ-დან” – სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარე

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა, ისაუბრა სომხეთის მხრიდან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან (ОДКБ) გასვლის შესაძლებლობაზე.
„არმენპრესის“ ინფორმაციით, ჟურნალისტების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ეს გადაწყვეტილება ანტირუსულ განწყობებთან არის დაკავშირებული, მან ასე უპასუხა:
„ОДКБ-დან გამოსვლა ნიშნავს ანტირუსულობას? ვთქვათ, ორგანიზაციის წევრი ხარ, მაგალითად, ჟურნალისტთა კავშირის, და თუ ეს ორგანიზაცია თავის ვალდებულებებს არ ასრულებს და შენ გინდა, რომ დატოვო, ესე იგი ჟურნალისტების წინააღმდეგი ხარ?“.
როდესაც მას ჰკითხეს, რატომ არ ტოვებს მაშინ სომხეთი ოფიციალურად ორგანიზაციას, სიმონიანმა უპასუხა:
„ფაქტობრივად, უკვე გამოვედით. რაც შეეხება დანარჩენს, ეს უკვე ჩვენი პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და მოლაპარაკებების საკითხია“.
იქამდე ცნობილი გახდა, რომ ხვალ, 27 ნოემბერს ბიშკეკში დაგეგმილ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტში სომხეთის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ.
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობის გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. მისი მთავარი არგუმენტია ის, რომ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ომის დროს სათანადოდ არ დაეხმარნენ. ამავე დროს, სომხეთის მხრიდან ეს ნაბიჯი უკავშირდება იმ შეცვლილ გეოპოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოს, რაც წარმოიშვა რეგიონში.

ასევე დაგაინტერესებთ