“ფაქტობრივად, კინოთეატრს მისი მეპატრონე [ვალერი გელაშვილი] ინახავს” – როგორია ხაშურის კინოზე მოთხოვნა?

“ფაქტობრივად, კინოთეატრს მისი მეპატრონე [ვალერი გელაშვილი] ინახავს”, – ამის შესახებ BM.GE-სთან ხაშურის კინოთეატრის “ივერია სინემას” მენეჯერმა, ნათია ჩადუნელმა ისაუბრა და ერთწლიანი ოპერირება შეაჯამა.
მისი ინფორმაციით, საწყის ეტაპზე მაყურებელთა ინტერესი ძალიან დიდი იყო, თუმცა მომდევნო პერიოდში მოთხოვნამ მნიშვნელოვნად დაიკლო და დატვირთვა ძალიან შემცირდა.
“მარკეტინგულ კამპანიებს ვაკეთებთ, მოსახლეობაც ინფორმირებულია, თუმცა თვითონ რაიონია ღარიბი. თვეში დაახლოებით 2000-2500 მაყურებელი თუ შემოვა. გვყოლია 800 ადამიანიც კი. აქტივობა განსაკუთრებით სკოლის სამუშაო პერიოდში კლებულობს. არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ფილმი 1 ადამიანის გამოც ჩაგვირთავს. ზოგადად, ეს ტენდენცია ძალიან ცუდია. ფაქტობრივად, კინოთეატრს მისი მეპატრონე ინახავს“, – თქვა კინოთეატრის მენეჯერმა.
ნათია ჩადუნელი ამბობს, რომ კინოთეატრის ბილეთების ფასი არ გაუზრდიათ და დედაქალაქთან შედარებით, ფასები გაცილებით დაბალია: “ყველაზე ძვირად ღირებული ბილეთის ღირებულება 11 ლარს არ აჭარბებს. აქტივობა ძირითადად ოთხშაბათ დღეს არის, როდესაც ფასდაკლების პერიოდია და ბილეთის ღირებულება 5 ლარია. დატვირთვა სწორედ ამ დღეზე მოდის“.
აღსანიშნავია, რომ ხაშურის კინოთეატრში გასართობი ზონის მოწყობა იგეგმებოდა, თუმცა ნათია ჩადუნელმა თქვა, რომ სამწუხაროდ შეთანხმება ვერ მოხერხდა და პროექტი გაჩერდა.
ინფორმაციისთვის, ხაშურში კინოთეატრი „ივერია სინემა“ გასული წლის 4 მარტს ამოქმედდა. აღსანიშნავია, რომ კინოთეატრის გახსნა ხაშურში, ჯერ კიდევ 2021 წელს იყო დაანონსებული. მასში ბიზნესმენ ვალერი გელაშვილს დაახლოებით $2 მლნ-ს მოცულობის ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული.