“ფაქტია, ზედამხედველობა გასამკაცრებელია” – ჯანდაცვის სპეციალისტი წამლების ელექტრონულ რეცეპტებზე

ქვეყნის მასშტაბით რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი მაღალია და საერთო რაოდენობის 67%-ს შეადგენს – ამის შესახებ ინფორმაცია აუდიტის ანგარიშში იკითხება. დოკუმენტის თანახმად, 2022-2023 წლებში, რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის ჯამში 1,822,100 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიწერა.
პროცესის ხარვეზიანობაზე საუბრისას ჯანდაცვის ექსპერტები ამბობენ, რომ წლების წინ ბაზრის გაჯანსაღებისთვის ამოქმედებული რეგულაცია, არაეფექტიანი კონტროლის გამო არ უნდა ზარალდებოდეს.
ნინო მირზიკაშვილის თქმით, დარღვევები სავარაუდოდ უფრო მეტად ამბულატორიებში ფიქსირდება, რასაც თავისი მიზეზები აქვს. მირზიკაშვილი საუბრობს რეგულაციის ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობაზეც, იმისთვის, რომ სრულფასოვნად მოხდეს პროცესების გაციფრულება.
“აუდიტის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2023 წელს ასახავს 67% არ წერს ელექტრონულ რეცეპტს. ფაქტია, რომ ზედამხედველობის მექანიზმები არ არის ისეთი როგორიც უნდა იყოს, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს 2023 წლის მონაცემებია და 2024-ში და წლევანდელ წელს რეგულირების სააგენტო უფრო ახორციელებს შემოწმებებს და შესაძლებელია, რომ წელს კიდევ სხვა სურათი დაიდოს.
ფაქტია, რომ ზედამხედველობა ამ მხრივ გასამკაცრებელია. ვარაუდს გამოვთქვამ, იმაზე თუ რა შეიძლება იყოს ამ მაღალი პროცენტის მიზეზი, გარდა სტაციონარებისა, რომლებიც ჩართულები არიან საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში და თავისთავად ევალებათ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში ატვირთვა და ელექტრონული რეცეპტები ამბულატორიულ დონეზე შეიძლება იყოს უფრო მეტი ხარჯი.
ამას გარდა სამწუხაროდ, ჩვენი ოჯახის ექიმების უმეტესობა 60 წელს გადაცილებულია, ერთ-ერთი დაბერებადი პროფესიაა, შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამბულატორიული მიმართულებით ეს სიახლე ვერ დაინერგა სათანადოდ, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.
რა თქმა უნდა, აქ არის ექიმების თემაც, რამდენად ყველა ექიმი აფორმებს ვიზიტებს ელექტრონულად და წერს ელექტრონულ რეცეპტებს, არის ფარმა ინდუსტრიის ინტერესები ექიმებთან მიმართებაში. ბევრ საკითხზე შეგვიძლია ვივარაუდოთ და მხოლოდ ეჭვები და ვარაუდები გამოვთქვათ.
პოლიტიკა რომელიც გატარდა ამ მიმართულებით ძალიან კარგია, თუმცა აუცილებელია აღსრულება და მონიტორინგი მოხდეს, იმისთვის, რომ სრულფასოვნად დაინერგოს ელექტრონული რეცეპტი,”- ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო მირზიკაშვილი.