“ფასი გადაწყვეტილების მისაღებად ერთადერთი ინსტრუმენტი არ უნდა იყოს” – ახვლედიანი სახელმწიფო ტენდერებზე

“საქართველოს ბიზნესასოციაციის უახლესი წევრის, ჰოლდინგური კომპანია “იმპოსტის”, დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების შერჩევისას სატენდერო ფასი გადამწყვეტი ინსტრუმენტი არ უნდა იყოს”, – ამის შესახებ ლევან ახვლედიანმა “საქმიანი დილას” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ BAG-ის წევრობას სახელმწიფოსა და ბიზნესისთვის სწორედ ამ ხედვის გაზიარებისთვის გამოიყენებს.
“ხშირად ვხედავთ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ჩავარდნილ ტენდერებს, რაშიც ბევრი დრო და რესურსი იხარჯება და, როცა უყურებ სატენდერო დოკუმენტს, ხვდები, რომ ეს პროექტი თავიდანვე განწირულია, რადგან, ხშირ შემთხვევაში, შემოთავაზებულ ბიუჯეტში იმ კომპანიების ჩართულობა, რომლებსაც ამ სამუშაოების ხარისხიანად ჩატარება შეუძლიათ, შეუძლებელია… მაგალითად, [ერთ-ერთი სკოლის] რეაბილიტაციის დროს, განათლების ერთ-ერთ მინისტრთან ერთად ლონდონში, მწარმოებელთამ ვიყავით ჩასულები და ამ მინისტრმა თქვა, რომ სამწუხაროდ ვერ ცვლიდა სიტუაციას და როცა სკოლის რეაბილიტაცია ხდებოდა, ყიდულობდნენ ყველაზე იაფფასიან კარს. ყველაზე იაფფასიანი კარი, როცა საქმე ბავშვებს და ამდენ მომხმარებელს ეხება, ძალიან სწრაფად ცვდება და ის ეკონომია, რომელსაც თითქოს თავიდან ემსახურები, გრძელვადიან პერსპექტივაში სულაც არაა ეკონომია.