„ფასები უკვე გაზრდილია და ეტაპობრივად კიდევ იზრდება“

„პროდუქტებზე ფასები უკვე გაზრდილია და ეტაპობრივად კიდევ იზრდება,“ – ამის შესახებ რადიოგადაცემაში „საქმე“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლაშა რიჟამაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ „აისეტის“ კვლევითი ინსტიტუტის ცნობით, გაიზარდა იმ ბიზნესების წილი, რომელიც საკუთარ პროდუქტზე მომდევნო სამ თვეში ფასის მატებას ვარაუდობს.
„გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 6.9-ით გაიზარდა და 20 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, გაიზარდა“, – ნათქვამია „აისეტის“ კვლევაში.
დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, მოსახლეობა უკვე ხედავს რომ პროდუქტებზე ფასი გაზრდილია და მეტიც, რიგ პროდუქტებზე კიდევ ხდება კორექტირება.
„პროდუქტებზე ფასი გაზრდილი უკვე არის და ეტაპობრივად კიდევ და კიდევ იზრდება. ამას თითოეული მომხმარებელი ხედავს. სამწუხაროდ, ის მოცემულობაც გვაქვს რომ გარკვეულ პროდუქციაზე დღითიდღე ხდება ფასის კორექტირება ზრდის მიმართულებით.
რაც შეეხება იმ საკითხს თუ რამდენად ტოტალური იქნება გაძვირება, დამოკიდებულია შექმნილ გარემოზე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. სწორედ ეს მოლოდინები განაპირობებს ფასის ზრდის იმ ვარაუდს, რითაც ბიზნესი ოპერირებს. როდესაც ბიზნესი აძვირებს პროდუქციას, გადაზღვეული აქვს ის მოსალოდნელი რისკები, რაც მომდინარეობს.
თუ ეს პროცესები ისევ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა ეს ფასებზე კიდევ უფრო ნეგატიურად იმოქმედებს,“ – აღნიშნა რიჟამაძემ.
წყარო: bpn.ge