“ფასები დაახლოებით 20%-ით შევამცირეთ, რომ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი ვყოფილიყავით” – Vintylator

ვინტაჟური სამოსის ბუტიკმა „ვინტილატორი“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით ფასები 20%-ით შეამცირა. ამის შესახებ ბუტიკის თანადამფუძნებელმა, შოკო ჩაჩუამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, გაყიდვები 30%-მდე შეუმცირდათ. მათი ძირითადი მომხმარებელი უცხოელი იყო, რომლებიც ქვეყანაში აღარ არიან, ან თუ არიან, არა ფულის დახარჯვისთვის. რაც შეეხება ქართველ მომხმარებლებს, ისინი აქციაზე დგანან.
“ნელ-ნელა მწვანე წარმოებაზე გადავდივართ, რაც პროდუქციის გადაკეთებას მოიცავს. შესაბამისად, პროდუქტის თვითღირებულება საშუალო და მაღალი გამოდის. თუ წარმადობა მაღალი არ იქნება, ფასიც მაღალი იქნება. თუმცა წარმადობა მაღალი ვერ იქნება, რადგან ჩვენი პროდუქციის მომხმარებლები უცხოელები იყვნენ. თუმცა, ტურისტი ქვეყანაში არ არის. ან თუ არიან, ძირითადად სეირნობენ. შემსყიდველუნარიანები ნაკლებად.
რაც შეეხება ქართველ მომხმარებლებს, ჩვენი მომხმარებლები ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც აქციაზე დგანან. შემოსავლები 30%-მდე შეგვიმცირდა, შესაბამისად მოგვიწია ფასების კორექცია. ამიტომ პროდუქცია გავაიაფეთ, რაც ცხადია ნაკლებ შემოსავალს გვაძლევს. დაახლოებით 20%-ით შევამცირეთ ფასები, რომ მომხმარებლისთვის უფრო მიმზიდველი ვყოფილიყავით“,- აცხადებს ჩაჩუა.
მისივე ცნობით, ვინტაჟური მიმართულების მომავალი ნელ-ნელა ვითარდებოდა, რაშიც „ვინტილატორს“ ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა. თუ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ასე გაგრძელდა, სექტორი არანაირად არ განვითარდება.
„როგორც იქნა შევცვალეთ წარმოდგენა და ძონძები გადავაქციეთ ვინტაჟურ სამოსად. მართლა საშიშროება არის იმისა, რომ ეს ყველაფერი დაუბრუნდეს იმ ნიშნულს, სადაც მომხმარებელი არა მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის, არამედ დაბალი სოციალური სტატუსის გამო ყიდულობს.
ჩვენ ვიყავით GIZ-ისა და სხვადასხვა ფონდების მიერ დაფინანსებულ სასწავლო პროგრამებში ჩართული, რომლის საშუალებითაც ვავითარებდით ჩვენს მიმართულებას. თუმცა, ესეც შეჩერებულია“, – განმარტავს ვინტაჟური სამოსის ბუტიკის „ვინტილატორი“ დამფუძნებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის საელჩო, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს იმ გადაწყვეტილებასთან ეხმაურება, რომლითაც საქართველოსთვის 237 მლნ ევროს ღირებულების დაგეგმილ პროექტებს აჩერებენ