ფასების 18-23%-მდე გაზრდა მოგვიწია – “გურჯაანის ნაყინი”

ქართული ნაყინის ბრენდის „გურჯაანის ნაყინი“ გაყიდვების მენეჯერის, ლელა ბერიკაშვილის თქმით, კომპანიამ პროდუქციის ფასები დაახლოებით 18-23%-ით გაზარდა, რაც ნედლეულის გაძვირებას უკავშირდება.
როგორც ბერიკაშვილი BM.GE-სთან საუბარში განმარტავს, სეზონი შედარებით ნელი ტემპით დაიწყო, თუმცა მოლოდინი არის, რომ უახლოეს პერიოდში სიტუაცია დასტაბილურდება და გაყიდვები ჩვეულ რეჟიმში გადავა.
“ჯერჯერობით ახლა გამოდის ამინდი და ცოტა არ იყოს, ისეთი დასაწყისი არ იყო, როგორიც წინა წლებში. მაგრამ ახლა უკვე მოლოდინია, რომ ყველაფერი დალაგდება”, – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ასორტიმენტიც გააფართოვა – საბავშვო ხაზს ახალი პროდუქტი დაემატა: ჟოზეს ხვეულა ბანანის არომატით. როგორც ბერიკაშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ბაზარზე უკვე დაახლოებით 30-მდე სახეობის ნაყინი აქვთ წარმოდგენილი.
მისივე თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ კომპანია მიწოდებას ვერ აკმაყოფილებს.
“მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ სრულად ვერ ვაკმაყოფილებთ. სიახლეა ისიც, რომ „კარფურში“ შევედით და უკვე ეტაპობრივად მარაგდება ჩვენი პროდუქციით. ახლა ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ქსელურ მაღაზიებში დავიწყოთ აქტიურად შესვლა, რათა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პროდუქცია”, – თქვა ბერიკაშვილმა.
მისივე განმარტებით, გაზრდილი მოთხოვნის ფონზე კომპანია წარმადობის გაზრდასაც გეგმავს, თუმცა კონკრეტული რიცხვები ჯერჯერობით ცნობილი არ არის და ეს მიმართულება მოთხოვნის დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
ცნობისთვის, „გურჯაანის ნაყინს“ შპს „აისი“ მართავს. კომპანია 50 წელზე მეტია ბაზარზე ოპერირებს. საწარმოში 150-მდე ადამიანია დასაქმებული.