„ფასებზე ეროვნული ბანკია ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი და არა პრემიერი, მთავრობა, პროკურატურა თუ ვინმე სხვა“ – ალექსანდრე რაქვიაშვილი
„ფასებზე ეროვნული ბანკია ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი და არა პრემიერი, მთავრობა, პროკურატურა თუ ვინმე სხვა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი წერს და ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
ცნობისთვის, დღეს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროდუქტზე ევროპულ და ქართულ ფასებს შორის დიდი სხვაობა სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატითაა განპირობებული, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.
ალექსანდრე რაქვიაშვილი განმარტებით, ფასები ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს.
„ჩვენნაირ ქვეყანაში მოგება მეტი უნდა იყოს, ვიდრე საფრანგეთში, თორემ თუ ბიზნესი აქაც და იქაც ერთ მოგებაზეა, ვის მოუნდება აქ ბიზნესის კეთება? მაღალი მოგება – მეტი პოლიტიკური რისკების, დაულაგებელი სასამართლო სისტემის, დაუცველი კერძო საკუთრების და უამრავი სხვა არსებული რისკების კომპენსაციაა.
მთავრობასთან დალაგებულ სავაჭრო ქსელების მფლობელ ბიზნესმენებს მაინც არაფერი ემუქრებათ, ხოლო ქოცების ასეთი პროპაგანდა, როგორც ყოველთვის, იმ დაშვებაზე დგას, რომ ხალხი სულელია, არაფერი ესმის და ვერაფერს გაიგებს, ამიტომ ვაჩვენოთ, რომ პრემიერი მათზე ზრუნავს, და რომც არ იზრუნოს და გაპარსვა გააგრძელოს, ვერაფერს მიხვდება.
ჰოდა, ძვირფასო ამომრჩეველო, ფასები ჩვენ ქვეყანაში იზრდება იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი ყოველწლიურად მილიარდობით ლარს ბეჭდავს, ბეჭდავს მათ შორის კომერციული ბანკებისა და მთავრობის შემოსავლების ზრდის მიზნით.
ამ მრავალმილიარდიანი ყოველწლიური სუბსიდირების შედეგად ბანკები უკვე მრავალი წელია მსოფლიო ჩემპიონები არიან მომგებიანობით, არც მთავრობა ჩივის დამატეითი შემოსავლების ნაკლებობაზე, ხოლო ამის საფასურია ის, რომ მერე ზეთი ძვირდება, პური ძვირდება და ხალხის დიდი ნაწილი ღარიბდება.
ბიძინას ერთი ზარი ეროვნულ ბანკში და ფასების ზრდა შეწყდება და მალე შემცირებასაც კი დაიწყებას, რადგან ფასებზე ეროვნული ბანკია ამ ქვეყანაში პასუხისმგებელი და არა პრემიერი, მთავრობა, პროკურატურა თუ ვინმე სხვა (სხვა თუ არაფერი ირაკლი კობახიძის კონსტიტუციაშიც კი ეს წერია პირდაპირ და არაორაზროვნად). თუმცა ქოცების გამოცდილება აჩვენებს, რომ უმეტესწილად ადამიანები ირჩევენ ტყუილს და მთავრობის “მზრუნველობის” უხარიათ, ხოლო ინტელექტის დაძაბვა, რათა მიხვდნენ, თუ ვინ და რა არის მათი ნამდვილი პრობლემა, არც ისე ბევრი ადამიანის არჩევანი ხდება“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.




