ფასდაკლებით ნაყიდი ქონება და ორი წლის დაგვიანებით დაწყებული მშენებლობა – ვინ არის ახალი მეწილე, რომელიც ე.წ კორტების ტერიტორიაზე სპორტულ კომპლექსს აშენებს

ფასდაკლებით ნაყიდი ქონება და ორი წლის დაგვიანებით დაწყებული მშენებლობა – ვინ არის ახალი მეწილე, რომელიც ე.წ კორტების ტერიტორიაზე სპორტულ კომპლექსს აშენებს
თბილისში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტი, საბოლოო შეთანხმების მიხედვით, 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. საინვესტიციო ვალდებულებით ინვესტორს ადგილზე მინიმუმ 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს.
ორი წლის დაგვიანებით დაწყებული მშენებლობა

თბილისის მერიასთან დადებული პირველადი ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორს 2023 წლის ბოლომდე დაევალა 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებით იპოდრომის ღია კორტის ტერიტორიაზე მსხვილი, კომერციული სპორტული კომპლექსის აშენება. თუმცა, პროექტის დასრულებამ 2025 წლამდე გადაიწია.
როგორც კორტების ინვესტორი, შპს „კორტების“ წარმომადგენელი გასული წლის ბოლოს მედიასთან აცხადებდა, პროექტირების ეტაპის გაჭიანურება პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე მოხდა, რასაც თან პანდემიაც დაერთო.
პროექტის მიხედვით, ადგილზე 6-სართულიანი შენობა უნდა აშენდეს, რომლის პირველი სართულიც მიწის ქვეშ იქნება. ადგილზე მოეწყობა ერთი დახურული და ორი ღია საჩოგბურთო მოედანი. განთავსდება საკვები ობიექტები, იქნება ოლიმპიური ზომის, 50-მეტრიანი საცურაო აუზი, საუნებით და სამასაჟო ოთახებით. ადგილზე იქნება 100 ავტომობილზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი. უკანასკნელი ცვლილება პროექტში, მიმდინარე წლის იანვარში შევიდა, რომელიც ხე ნარგავებს უკავშირდებოდა.
ინვესტორი პროექტში დაახლოებით 35 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.
ვინ არის ახალი მეწილე
იპოდრომის ღია კორტის ტერიტორიაზე 2021 დეკემბერში გამოცხადებულ აუქციონში კომპანია შპს „კორტებმა“ გაიმარჯვა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „კორტები“, აუქციონამდე ცოტა ხნით ადრე, 2021 წლის 17 ნოემბერს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი დავით კოპაძე იყო. თუმცა გასული წლის ივნისში მეწილეები შეიცვალა, დავით კოპაძეს კომპანიის 67% დარჩა, ხოლო 33% მამუკა მერკვილაძეს გადაეცა. მამუკა მერკვილაძე რუსეთში საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელად რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. გარდა ამისა, მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობა. მამუკა მერკვილაძე კომპანია „კანიონი 350-ის“ თანამესაკუთრეა, რომელსაც მარტვილის სოფელ ბალდაში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ბალდის კანიონის ტერიტორიაზე 24 130 კვ.მ აუქციონის წესით, 40 წლის ვადით გადაეცა. მამუკა მერკვილაძე ასევე იყო საქართველოს რკინიგზის შვილობილ კომპანიაში – შპს ჯიარ ლოგისტიკა და ტერმინალებში, ჯერ დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი დირექტორი. ამასთან, მერკვილაძე არის Poti Trasterminal-ის თანადამფუძნებელი.
გარდა ამისა, საინტერესოა, რომ წილის გადაფორმების დღეს, დავით კოპაძემ მოითხოვა წილის ნასყიდობის გასაიდუმლოება, რაზედაც უარი მიიღო.
„დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი განცხადებით მოთხოვნილია წილის ნასყიდობის ხელშეკრულების და წესდების გასაიდუმლოება.
საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის, შეფასებისა და კანონმდებლობასთან ურთიერთშეჯერების შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი განცხადება და დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ რეგისტრაციის პირობებს“ – ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.
მრავალჯერ წართმეული და დაბრუნებული კორტები
2009 წელს, საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად, ძველი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საჩოგბურთო კორტები გაიყიდა. კორტების გასხვისებამ მოსახლეობის მწვავე პროტესტი გამოიწვია. სწორედ აღნიშნული პროტესტი გახდა მიზეზი იმისა, რომ მერიის არქიტექტურის სამსახურში 2015 წელს შესული მოთხოვნა კორტების ტერიტორიაზე 15-20 სართულიანი კორპუსის მშენებლობის შესახებ დაახარვეზა.
ტერიტორია კერძო მფლობელისგან თბილისის მერიამ 2020 წლის თებერვალში დაიბრუნა. კომპანია „სიმეტრიას“ ადგილმონაცვლეობა შესთავაზეს და ალტერნატიული უძრავი ქონება საბურთალოს და ჩუღურეთის რაიონში გადაეცა.
ამის შემდეგ თბილისის მერიას კორტებთან დაკავშირებით აუქციონის ორჯერ გამოცხადება მოუწია. იპოდრომის კორტების ღირებულება პირველ აუქციონზე 5 193 976 ლარით განისაზღვრა, მაგრამ არ გაიყიდა. მოგვიანებით, ფასი განახევრდა და საბოლოოდ, 2 635 944 ლარად გასხვისდა. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „კორტები“ გახდა, რომელიც 2021 წლის 17 ნოემბერსაა რეგისტრირებული – ტენდერის გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში.