კივის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, დემურ ფიფიას ინფორმაციით, ანომალიური ამინდები, ფაროსანა და დაავადება, რომელიც იტალიიდან შემოვიდა, კივის საექსპორტო ღირებულებას ფაქტობრივად, ანადგურებს.
როგორც „კომერსანტთან“ ფიფია ამბობს, კივის მწარმოებლები საკუთარი ძალებით გარკვეულ შედეგებს წაბლის ზეთის გამოყენებით აღწევენ, რომელმაც 60%-იანი ეფექტიანობა აჩვენა, თუმცა პრობლემების დასაძლევად სახელმწიფო დახმარება აუცილებელია.
„ნიტრატებით გაჯერებული ავადმყოფობა იტალიიდან არის შემოსული და არ მგონია, უცებ ეშველოს. მცირედით ვახერხებთ, რომ ზარალი შევამციროთ, მაგრამ იოლი არ არის და სახელმწიფოს დახმარება გვჭირდება. წაბლის ზეთი შემოვიტანეთ, რომელმაც 60%-იანი შედეგი დადო და ვფიქრობთ, რომ ამჟამად ბაზარზე საუკეთესო პროდუქტია. ჩვენთვის, კივის მწარმოებლებისთვის, ზაფხულის დასაწყისი საკმაოდ სახიფათო პერიოდია. ეს ანომალიური ამინდები ხელს გვიშლის, ხან სიცხეა, მერე სიცივე, რაც კივის სიდამპლეს იწვევს.
ფაროსანა ჩვენთვის მთავარ პრობლემად ისევ რჩება, რადგან სახელმწიფოს მის მოსაშორებლად არანაირი გეგმა არ გააჩნია. შემოაქვთ ევროპაში აკრძალული პრეპარატები, რომლებიც ფუტკარს აზიანებს და ფაროსანას არ კლავს. კივს ფაროსანა ნაყოფს უწამლავს და მისი ნაკბენის შემდეგ კივი საექსპორტოდ უვარგისია“,- აღნიშნა დემურ ფიფიამ.
