ფარნაოზ ჭკადუა აეროპორტში დააკავეს

დღეს, 5 იანვარს, თბილისის აეროპორტში დააკავეს ფარნაოზ ჭკადუა – აქტივისტი, რომელიც წარსულში ფეისბუკზე ანტისამთავრობო გვერდებს მართავდა და 2019 წელს პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარს სთხოვდა.
ინფორმაციას მისი დაკავების შესახებ ზაზა დობორჯგინიძე ავრცელებს, ჰონკ კონგის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოქტორანტი. როგორც მან “ნეტგაზეთს” უთხრა, დაკავების შესახებ ფარნაოზ ჭკადუას ძმისგან შეიტყო.
ფარნაოზ ჭკადუამ პოლონეთს პოლიტიკური თავშესაფარი 2019 წელს სთხოვა. ამის სესახებ მაშინ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა:
“პოლონეთის ემიგრაციის სამსახურს მივეცი ჩვენება ფარნაოზ ჭკადუასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე. ფარნაოზ ჭკადუა აქტიური ნაციონალია ფბ ზე, რამდენიმე ყველაზე აქტიური გვერდის ადმინისტრატორია და შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისას, ივანიშვილის ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა და 4 წელი მიუსაჯეს “ჩხუბში” მონაწილეობისთვის”, – წერდა სააკაშვილი 2019 წელს, მის დაკავებამდე.
საქართველოში გამოფრენამდე ფარნაოზ ჭკადუამ თავად გამოაქვეყნა ფეისბუქზე ჩასხდომის ბარათი და პასპორტი. ჯერჯერობით მის დაკავებაზე სხვა დეტალები ცნობილი არ არის.