„ფარმაცევტული სექტორისკენ ხელის გაშვერა არასწორია, თუ დოკუმენტაციით არაა გამყარებული“ – ლევან გოგიბერიძე

„ფარმაცევტული სექტორისკენ ხელის გამოშვერა არაა სწორი, მით უმეტეს თუ არ არის გამყარებული დოკუმენტაციით“, – ამის შესახებ ფარმაცევტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან გოგიბერიძემ „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სამინისტროს და სექტორს შორის მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000-3000%-იანი ფასნამატით იყიდება და მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს.
ლევან გოგიბერიძის თქმით, კონკურენციის სააგენტო ისედაც ატარებს კვლევას ონკოლოგიური მედიკამენტების მიმართულებით და თუ რაიმე ეჭვი არსებობს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის გარიგებებთან დაკავშირებით, გამოიკვლიოს.
„რაც შეეხება სამინისტროს განცხადებას, 1000 და 3000%-იანი ფასნამატის შესახებ, მეტი კომუნიკაცია უნდა იყოს სამინისტროს და სექტორს შორის. სექტორისკენ ხელის გამოშვერა რეპუტაციულად დამაზიანებელია და ძალიან ცუდად მოქმედებს თითოეულ ფარმაცევტზე. ჩვენი ასოციაცია იქითკენაა მიმართული, რომ ჩვენი სექტორი, ჩვენი დარგი განვითარდეს. ყოველთვის როცა ასეთ სიტუაცია ხდება, ყველას ავიწყდება იგივე პანდემიის პერიოდში როგორ მუშაობდნენ ჩვენი კოლეგები, ჩვენი ფარმაცევტები, ფაქტობრივად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ. მათზე ხელის გამოშვერა არაა სწორი, მით უმეტეს თუ არ არის გამყარებული დოკუმენტაციით. კონკურენციის სააგენტო ისედაც იკვლევს ონკოლოგიური მედიკამენტების მიმართულებით, გამოიკვლიოს ესეც, თუ რამე ეჭვს იწვევს და თუ არის გარიგებებზე საუბარი. თუმცა, საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი 90%-ით დამოკიდებულია იმპორტიორებზე, შესაბამისად, ერთი იმპორტიორი ადგენს ამა თუ იმ მედიკამენტზე ფასს და როცა ერთი იმპორტიორი რამდენიმე კომპანიას აწვდის მედიკამენტებს, ყველგან ერთი ფასია. ამის გამო რომ ხელი გავიშვიროთ ადგილობრივი კომპანიებისკენ, არასწორია,“ – განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.