მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ეველინ ფარკასი Accent-თან ინტერვიუში ქართლი ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას გამოეხმაურა და არ გამორიცხა, რომ კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ-მა სანქციები დააწესოს.
ეველინ ფარკასის თქმით, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, აშშ-ის მხრიდან სანქციების დაწესების პროცესი დაჩქარდება.
“ვფიქრობ, სანქციები აუცილებლად დაწესდება თუ საქართველო ამ კანონს მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს უკვე დაურღვევია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და ამ კონტექსტში, შემიძლია წარმოვიდგინო, რომ აშშ-ის მთავრობა უკვე განიხილავდა სანქციების დაწესებას მათ წინააღმდეგ, ვინც რუსეთს აფინანსებს და აწვდის შესაბამის რესურსებს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ომი აწარმოოს. ეს [კანონის მიღება] მხოლოდ ერთგვარი სტიმული იქნება სწრაფი გადაწყვეტილების მისაღებად”, – ამბობს ფარკასი.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში – ახალ ვერსიაში “უცხოური გავლენის აგენტი” შეცვლილია “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით”.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.