სერგო ფარაჯანოვის ფილმის შთაგონებით გერმანული პარფიუმერული სახლი Moth and RABBIT PERFUMES ახალ სუნამოს – “ბროწეულის ფერს” გამოუშვებს. როგორც ცნობილია, სუნამოს პირველი ნოტები ბროწეული, შავი მოცხარი და ციტრუსია. “ბროწეულის ფერის” შუა ნოტები ინტენსიური ვარდი, შავი წიწაკა და თეთრი ყვავილებია. ხოლო სუნამოს საბაზისო ნოტები თეთრი მუშკი, ყავისფერი ფისი და სანდლის ხე იქნება. როგორც ცნობილია, სუნამო “ბროწეულის ფერი” ძირითადად ზამთრის და შემოდგომის არომატებს შეიცავს.
ბრენდი ახალ სუნამოს 50 მილილიტრიან ფლაკონში გამოუშვებს და მისი ფასი 139 ევრო იქნება. “ბროწეულის ფერის” სუნამოს შემქმნელი პარფიუმერი მარკ ბაქსტონია.
2024 წლის 9 იანვარს სერგო ფარაჯანოვის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ფარაჯანოვი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კინორეჟისორია, რომელიც სხვადასხვა პერიოდში უკრაინაში, სომხეთსა და საქართველოში მუშაობდა. ცხოვრების ბოლო წლები რეჟისორმა თბილისში გაატარა. მის შემოქმედებაში ბროწეულის გამოსახულებას განსაკუთრებული, სიმბოლური დატვირთვა აქვს. 1969 წელს გადაღებული “ბროწეულის ფერი” სერგო ფარაჯანოვის ერთ-ერთ მთავარ ნამუშევრად ითვლება.