“ფანტასტიკური მეგობარი და შესანიშნავი მეუღლე ხარ, უამრავ ადამიანს გვჭირდები და 100 წელი კარგად უნდა იყო” – ირმა სოხაძე მეუღლის, რეზო ასათიანის შესახებ – Marao

“ფანტასტიკური მეგობარი და შესანიშნავი მეუღლე ხარ, უამრავ ადამიანს გვჭირდები და 100 წელი კარგად უნდა იყო” – ირმა სოხაძე მეუღლის, რეზო ასათიანის შესახებ – Marao
“დღეს ჩვენი რეზოს დაბადების დღეა. რე, გილოცავ. შენ მსოფლიოში საუკეთესო მამა და ბაბუა, ფანტასტიკური მეგობარი და შესანიშნავი მეუღლე ხარ, უამრავ ადამიანს გვჭირდები და 100 წელი კარგად უნდა იყო. გკოცნი, ძალიან გვიყვარხარ” – წერს ირმა სოხაძე მეუღლის, რეზო ასათიანის შესახებ.
მომღერალი და ტელეწამყვანი ირმა სოხაძე და თბილისის საპატიო მოქალაქე რეზო ასათიანი უკვე 48 წელია, დაქორწინებული არიან:
“16 წლის ვიყავი, რეზო პირველად რომ დავინახე. მაშინ, სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, მთელი ცხოვრება ერთად ვიქნებოდით, მაგრამ გული ახტა და დახტა. 19 წლის გავთხოვდი. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ კარგი განწყობა, გარეგნობა, მეგობრები, მათთან ურთიერთობა და იგივეა ოჯახური ურთიერთობა. მისთვის უნდა ვიყოთ უფრო მეტად საინტერესო.
სიმართლე გითხრათ, „გავიდა ხუთი წელი და მასთან ცხოვრება აღარ შემიძლია“, არ ყოფილა. როცა ქვეყანას უჭირდა, ჩვენც გვიჭირდა, მაგრამ გაუსაძლისი პერიოდები არ ყოფილა. რაღაცები უნდა დათმო, არაა ტრაგიკული რამის დათმობა. იმედია, არ ჩათვლიან, რომ ჩვენს აზრს ვინმეს თავზე ვახვევთ, მაგრამ თუ ძალადობას არ ეხება საქმე, უმჯობესია, წვრილმანების გამო არ დაკარგონ ერთმანეთი” – ამბობდა ირმა სოხაძე.
ირმა სოხაძესა და რეზო ასათიანს ორი შვილი, ნატა და სალომე ჰყავთ.
ირმა სოხაძე დაიბადა 1956 წლის 28 ნოემბერს ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო და თეორიული ფაკულტეტები.
4 წლის ასაკში უკვე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბიგ-ბენდის, ხოლო 8 წლის საქართველოს სახელმწიფო ორკესტრ „რეროს” სოლისტი იყო.
1980 წლიდან 2004 წლამდე საქართველოს ტელევიზიის “პირველ არხზე” იყო მრავალი გადაცემის ავტორი, წამყვანი თუ პროდიუსერი; 1990-იან წლებში ჩატარებული მრავალი ტელემარათონის ავტორი და წამყვანი.
მომღერლის გამორჩეული ჰიტებია : „შეგირიგდები“, „შენ არავის ჰგავხარ“, „როცა მიყურებ“ და „ვიყავით ერთად“.
ეწევა აქტიურ სასცენო მოღვაწეობას, არის მრავალი სატელევიზიო, საესტრადო თუ ჯაზური საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი; მრავალი საესტრადო საბავშვო სიმღერის, ლექსის, საბავშვო მიუზიკლისა და ერთი მონო-ოპერის ავტორი.