ფალსიფიცირებული საქონლის გამო ევროკავშირი წელიწადში 16 მლრდ ევროს კარგავს – კვლევა

ტანსაცმლის, კოსმეტიკისა და სათამაშოების ევროპული მწარმოებლები ფალსიფიცირებული საქონლის გამო ყოველწლიურად დაახლოებით 16 მილიარდ ევროს (17,5 მილიარდი დოლარი) კარგავენ. ამის შესახებ dpa წერს.
ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების სააგენტოს (EUIPO) ახალი კვლევის თანახმად, ამის შედეგად დაახლოებით 200 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა.
„ყალბი საქონელი რეალურ ზიანს აყენებს მომხმარებლებს, ბრენდებს და ჩვენს ეკონომიკას. ეს უახლესი კვლევა აჩვენებს ძალიან რეალურ ხარჯებს ევროკავშირში დაკარგული გაყიდვებისა და სამუშაო ადგილების თვალსაზრისით“, – თქვა EUIPO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჟოაო ნეგრაომ.
გერმანიის სათამაშოების ინდუსტრია ევროკავშირში ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორებს შორისაა. ბაზარზე არსებული ყალბი პროდუქტების გამო, მისი ზარალი წლიური გაყიდვების მესამედს შეადგენს (334 მილიონი ევრო).
ყალბი პროდუქციით ტანსაცმლის სექტორში ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა კვიპროსი, კოსმეტიკის სექტორში – საფრანგეთი.
ტანსაცმლის ინდუსტრია ყოველწლიურად თითქმის 12 მილიარდ ევროს შემოსავალს, ანუ მთლიანი ბრუნვის 5.2%-ს კარგავს.
ევროპის კოსმეტიკისა და სათამაშოების მრეწველობამ ასევე აღნიშნა გაყიდვების მნიშვნელოვანი ვარდნა ყალბი ბრენდირებული პროდუქტების გამო. კოსმეტიკის სექტორში ზარალმა3 მილიარდი ევრო შეადგინა (4.8%), სათამაშოების სექტორში – 1 მილიარდს (8.7%).
ფალსიფიკაცია ასევე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს შრომის ბაზარზე. EUIPO-ს კვლევის მიხედვით, 2018 წლიდან 2021 წლამდე მონაცემებზე დაყრდნობით, ტანსაცმლის სექტორში 160 000 სამუშაო ადგილი დაიკარგა, კოსმეტიკის სექტორში – 32 000 და სათამაშოების სექტორში – 3 600.