ფოთში, უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები და ეზოები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს.
წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია. გადაუღებელი და ძლიერი წვიმის შედეგად სანიაღვრე არხებს წყლის გატარება უჭირს.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალმა საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანა. წყლისგან ზიანი მიადგა ერთ-ერთ ყვავილების მაღაზიასაც, სადაც თითქმის ყველა ძვირადღირებული მცენარე განადგურდა.
ფოთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ასეთი ინტენსიური და ხანგრძლივი წვიმა არ ახსოვთ.
ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახურები მობილიზებულია. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღრიცხვა, რათა შესაძლებლობის ფარგლებში მათ დახმარება გაეწიოთ.
