უხვმა ნალექმა ადიგენში, ლენტეხსა და ჩოხატაურში პრობლემები შექმნა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სოფელში დაიტბორა და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, საქონლის სადგომები, დახოცილია პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადიგენის მერიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, გაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
მათივე განცხადებით, მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია, რომელიც მუშაობს ზარალის დასადგენად.
ძლიერი წვიმამ პრობლემები შექმნა ლენტეხშიც. ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კმ-ზე,( სოფელი საყდარი) მდინარის ადიდების გამო, დროებით შეზღუდული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აგრეთვე, გადაადგილება დროებით შეზღუდული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის სოფელ ლეუშერის მიმართულებითაც.
ლენტეხის მერიის ცნობით, ამ დროისთვის ლენტეხი-მელეს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
„ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისათვის, კვლავ შეზღუდულია მოძრაობა მელე-ცანისა და ლენტეხი-ბავარის მიმართულებით. მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდების მიმართულებით შეფერხებები არ ფიქსირდება“, – აცხადებს ლენტეხის მერია.
მერიის განცხადებით, უხვმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურასაც და დაზიანებულ მონაკვეთებზე გზების გაწმენდისა და აღდგენის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
უხვმა ნალექის შედეგად გზებზე ჩამოტანილმა ქვა – ღორღის მასამ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეაფერხა ჩოხატაურშიც.
ჩოხატაურის მერიის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
„ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულ რეჟიმში მუშაობს, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები, რომლებიც ოპერატიულად რეაგირებენ მოსახლეობის საჭიროებებზე. საავტომობილო გზის გაწმენდა უახლოეს საათებში დასრულდება“, – აცხადებს ჩოხატაურის მერია.
