უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და ბიუჯეტიდან დახარჯული 3 მლნ-მდე ლარი | გუდიაშვილის ქუჩაზე ავარიული სახლები კიდევ უფრო დაზიანდა

სახელმწიფო ბიუჯეტიდან დახარჯული 3 მილიონამდე ლარი და რეაბილიტაციის შემდეგ უფრო მეტი ავარიული შენობა დედაქალაქის ცენტრში. გუდიაშვილის ქუჩის მოსახლეობა საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის პროექტით უკმაყოფილოა. ამბობენ, რომ რეაბილიტაციის დროს მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანისას ისედაც ავარიული შენობები კიდევ უფრო მეტად დაზიანდა. რამდენიმე შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამი წლის წინ დაიწყო.
როგორც განვითარების ფონდში ამბობენ, ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულეს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, ეს ეხებოდა მხოლოდ ქუჩის რეაბილიტაციას, დაპირება კი იყო სხვა, რომ მათ სახლებს რესტავრაცია ჩაუტარდებოდა.
ფონდი ამბობს, რომ საცხოვრებელი სახლების რესტავრაცია ჩაატარეს, თუმცა სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, რის გამოც მოსახლეობამ მერიას საჩივრით მიმართა. ისინი მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
“2019 წელს გავაფორმეთ ხელშეკრულება, განვითარების ფონდთან, გადის ველოდებით ამ წლებს, გაგვატანინეს ავეჯი, ყველაფერი გამაგრებას გავაკეთებთო.. არავითარი გამაგრება, ფუნდამენტიდან არაფერი არ გაუკეთებიათ. ვინ არ შევაწუხეთ, ქალაქის მერია, ზედამხედველობა, თუმცა ავდექით და ჩვენი სახსრებით ავიღეთ ვალები და გავაკეთეთ რემონტები.. გუდიაშვილის ბაღი კი არ ააშენეს, კი არ გააკეთეს, დაღუპეს მოსახლეობა… ქუჩაშია მოსახლეობა დარჩენილი” – ამბობს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.
განვითარების ფონდმა, გუდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში კოლოსალური თანხები მიიღო, თუმცა ვალდებულებები არ შეუსრულებიათ.