„უხარისხოდ დაგებული გზები საფრთხის შემცველია როგორც ქვეითისთვის, ასევე მძღოლისთვის“

„უხარისხოდ დაგებული გზები საფრთხის შემცველია როგორც ქვეითისთვის, ასევე მძღოლისთვის“, – ასე ეხმაურება „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის“ პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი გზების ხარისხთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში მიმდინარე გამოძიებებს.
შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ხიდის ჩანგრევის საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. დაკავებულთა შორისაა საავტომობილო გზების დეპარტამენტის იმდროინდელი თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი, რომელსაც ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის ცნობით, საერთო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი, მატერიალური ზიანი. აღსანიშნავია, რომ გზა 2023 წელს ჩაინგრა.
როგორც დავით მესხიშვილი აღნიშნავს, გამოძიება აქამდეც უნდა დაწყებულიყო, იქიდან გამომდინარე, რომ სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის პრობლემა ჩანგრევის მომენტშიც თვალხილული იყო. მანვე დასძინა, რომ თუ სიღრმისეულად შეისწავლიან შესაბამისი უწყებები საკითხს, გზების ხარისხის პრობლემა კიდევ ბევრ მონაკვეთზე გამოჩნდება.
„კარგია რომ გამოძიებები მიმდინარეობს, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გავიდა, ადრეც შეიძლებოდა პრობლემის დადგენა იმდენად თვალხილული იყო დარღვევები. მაშინ მიზეზად დაასახელეს მდინარის ადიდება. ხიდი იმისთვის არის, რომ მდინარეს გაუძლოს, ხიდი რაში გვჭირდება თუ მდინარეს ვერ უძლებს, მაშინ გადავცურავდით. ასეთი არგუმენტის მიღება არის კატასტროფულად ცუდი. ის, რომ რეაგირება ახლა მაინც ხდება კარგია, მაგრამ თუ სიღრმეებში წავლენ, გზის ბევრ მონაკვეთზე შეიძლება ხარისხის პრობლემა გამოჩნდეს“, – აღნიშნავს მესხიშვილი.
ამასთანავე, მანვე ყურადღება გაამახვილა ახალი გზების მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ გზების ნაწილი ნახევრად დასრულებული იხსნება, რაც ხელს უწყობს საგზაო შემთხვევებსა და ავარიების დროს სიკვდილიანობას.
„დაკვირვებული ვარ, რომ ასფალტ-ბეტონის დაგება მიიჩნევა გზის დასრულებად. ეს არ არის გზის დასრულება, ეს არის გარკვეული ნაწილის მოწესრიგება, იმიტომ რომ, იქ უნდა ჩატარდეს შესაბამისი კვლევები, რამდენად უსაფრთხოა გზა, რამდენად სწორად არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, გამართულია თუ არა, სადმე ზოლი ხომ არ ვიწროვდება, მოხვევის კუთხე როგორია, განათება სწორად არის თუ არა, საფეხმავლო ბილიკები და გაჩერებები არის თუ არა და ა.შ. ჩვენთან საგზაო მონიშვნის გარეშე იხსნება გზები და ითვლება, რომ გზა დასრულდა, ოფიციალური გახსნაც არის ხოლმე – ერთხელ და სამუდამოდ შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გაიაზრონ, რომ ნახევრად გაკეთებული გზის გახსნა პირდაპირი გაგებით ხალხს ხოცავს. თუ დარღვევაზე რეაგირებას ვერ ახერხებ, არ არის რადარი, საგზაო მონიშვნა, გარე განათება და სხვა, შესაძლოა, ადამიანების დაღუპვა გამოიწვიო“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.
წყარო: ბიზნესპრენიუსი