“უჭირს გადაადგილება, საუბარი” – ციხეში ჟურნალისტ სადიგოვის მდგომარეობა დამძიმდა – “უფლებები საქართველო”

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, “უფლებები საქართველო” საზოგადოებას აცნობებს, რომ შიმშილობის გამო, წინასწარ პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. “უფლებები საქართველოს” იურისტები აფგან სადიგოვს სპეციალური პენიტენციური სამსახურის #8 დაწესებულებაში შეხვდნენ 2 და 3 ოქტომბერს. სადიგოვის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა თვალშისაცემია, იურისტების შეფასებით, მას უჭირს გადაადგილება, საუბარი და კონცენტრირება. “უფლებები საქართველომ” უკვე მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას, აფგან სადიგოვი გადაიყვანონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესება. საქართველოს სახალხო დამცველი ინფორმირებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აფგან სადიგოვმა შიმშილობა 21 სექტემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა 2024 წლის 16 სექტემბერს უარი უთხრა საერთაშორისო დაცვაზე (თავშესაფარზე) საქართველოში.

ასევე დაგაინტერესებთ