“უწყება, რომლის იმედი გვქონდა და ახალ მონსტრს ვიღებთ” – არასამთავრობოები შრომის ინსპექციის სამსახურზე

“შრომის ინსპექტირების პროცესის სანდოობა და ეფექტურობა” – ასე ჰქვია ანგარიშს, რომელიც 27 ნოემბერს “ღირსეული შრომის პლატფორმამ”, შრომის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ალტერნატიული პროფკავშირების გაერთიანებამ წარადგინა. ანგარიში შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და დასაქმებულების პერსპექტივიდან აფასებს მექანიზმის მუშაობას, მის ეფექტურობას.
კვლევა აჩვენებს, რომ შრომის ინსპექციის სამსახურს, რომელიც 2021 წელს ჩამოყალიბდა ამჟამინდელი სახით და რომლის დანიშნულებაა განახორციელოს კონტროლი შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე დასაქმებულთათვის შრომითი უფლებების უზრუნველყოფაზე, დასაქმებულები დიდწილად არ ენდობიან, არ მიმართავენ და მის საქმიანობას არაეფექტურად თვლიან.
უწყება, მიუხედავად იმისა, რომ საწყის ეტაპზე მკვლევრებთან თანამშრომლობდა, ანგარიშის პრეზენტაციას არ დასწრებია. ამას, პლატფორმის განცხადებით, წინ უძღოდა ზარი ინსპექციის სამსახურიდან, რომ ანგარიშის გამოქვეყნებისა და გასაჯაროების შემთხვევაში, ისინი ყოველგვარ თანამშრომლობაზე უარს იტყოდნენ. შრომითი უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების შეფასებით, ეს საგანგაშო სიგნალია და შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ იმ უწყების სახით, რომლის შექმნასაც ისინი ითხოვდნენ და ელოდნენ, “ახალ მონსტრს” იღებდეს რიგითი დასაქმებული.
ანგარიშის სამართლებრივი რედაქტორი, ღია საზოგადოების ფონდის სოციალური სამართლიანობის პროგრამის მენეჯერი ანანო ცინცაბაძე ნეტგაზეთთან ხსნის იმ მოლოდინებს, რაც შრომის ინსპექციის სამსახურის მიმართ არსებობდა და რატომ არის მნიშვნელოვანი მისი ეფექტური მუშაობა.
“ძალიან მაღალი იყო წლების განმავლობაში შრომის ადგილზე დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა. შრომითი ექსპლუატაცია ნორმალიზებული იყო. ამის არც დოკუმენტირება, ან სადმე დაფიქსირება, იშვიათ შემთხვევაში სასამართლო დავების გარდა, არსად ხდებოდა. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი უფლებადაცვითი მექანიზმის დაბრუნება და დამსაქმებლების პასუხისმგებლობის მაღალ ხარისხში დაყენება”, – ამბობს ანანო ცინცაბაძე.
სოციოლოგი გიგა კარაპეტიანი, რომელიც კვლევის ავტორია, ამატებს, რომ შრომის ინსპექციის სამსახური ბიუროკრატიული პროცესებისგან, დროში გაწელილი სასამართლო დავებისგან უნდა აზღვევდეს დასაქმებულს და უნდა იყოს პასუხისმგებელი, რომ დარღვევები დროულად, ეფექტურად, დარღვევის სიმძიმის შესაბამის დროში აღმოიფხვრას.
მკვლევრები ამბობენ, რომ შრომის ინსპექციის სამსახურისადმი მიმართვიანობა დაბალია და კლების ტენდენცია შეინიშნება. შრომის ინსპექციის წარმომადგენელთა ვერსიით, ეს იმას ნიშნავს, რომ საამისო საფუძველი სულ უფრო ნაკლებად არსებობს. თუმცა მკვლევრები ამბობენ, რომ ამის საფუძველი შრომის ინსპექციის სამსახურისადმი ნაკლები ნდობაა დასაქმებულებში.
კვლევის მიხედვით, ინსპექციის მიმართ ნდობაზე დადებითად არ მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი. მაგალითად ის, რომ დასაქმებულს მხოლოდ იდენტიფიცირების შემთხვევაში შეუძლია დარღვევის შესახებ შეტყობინება, რაც ბარიერი ხდება. დასაქმებულებში არსებობს განცდა, რომ კონფიდენციალურობა დაცული არ იქნება და ეს შესაძლოა სამსახურის დაკარგვად დაუჯდეთ.
“ინსპექტირების პროცესში გამოყენებული კონფიდენციალურობის დაცვის მექანიზმები არ არის საკმარისი პროცესში მონაწილე დასაქმებულთა დასაცავად. კვლევის განმავლობაში გამოვლინდა ინსპექტირების პროცესის შემდგომ დასაქმებულთა იდენტობის გამჟღავნების შემთხვევები”, – ნათქვამია ანგარიშში.
კვლევამ გამოავლინა, რომ მცირეა შრომის კოდექსის საფუძველზე გამოვლენილი დარღვევების გამოსასწორებლად ჩატარებული რეინსპექტირებათა რაოდენობა. დარღვევის იდენტიფიცირების შემდეგ სამსახური სათანადოდ აღარ მიჰყვება პროცესს და სათანადოდ აღარ ადევნებს თვალს, რა ნაბიჯები იდგმება მის გამოსასწორებლად. ვადა, რასაც უდგენს ინსპექცია დამსაქმებელს დარღვევის აღმოსაფხვრელად, უმეტეს შემთხვევაში, შაბლონურად 30 დღით განისაზღვრება, რაც მკვლევრების შეფასებით, ხშირად არ არის დარღვევის ადეკვატური.
“ორი ტიპის განცდა აქვთ დასაქმებულებს. ერთი ის, რომ პროცესში თანასწორად არ არიან წარმოდგენილები და ინსპექტორის სამსახური უფრო დამსაქმებლის მხარეს წარმოადგენს და არაა შესული მათი ინტერესების დასაცავად და მეორე – დასაქმებულები ჩვენთან ხშირად ამბობენ, რომ კი, შემოვიდა ინსპექტორის სამსახური, მაგრამ ის ეფექტური არ არის. ინსპექცია ჯარიმას იშვიათად აკისრებს დამსაქმებელს. რომც დააკისროს, ეს არაა დიდი მოცულობის ჯარიმა. როგორც წესი, გამოიყენება გაფრთხილების მექანიზმი, რომელიც დასაქმებულს, მათი აღქმით, სასაცილო მდგომარეობაში აყენებს. ეს არის სიგნალი მათ მიმართ, რომ დარღვევა დადგინდა, მაგრამ ის არ გამოსწორდება, მიუხედავად იმისა, რომ ამას ყველა ვაღიარებთ”, – გვეუბნება ანანო ცინცაბაძე.
ანგარიში, კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, მოიცავს რეკომენდაციებსაც. მათგან ყველაზე არსებით რეკომენდაციებს, რამაც უწყება უნდა აქციოს იმ ორგანოდ, რომლის მიმართაც შრომით უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებსა და დასაქმებულებში დიდი მოლოდინები არსებობდა, მკვლევრები ნეტგაზეთს უზიარებენ:
“პირველ რიგში ნდობის მექანიზმების დანერგვაა აუცილებელი: მამხილებელი დასაქმებულების გარანტირებული დაცვა კონფიდენციალურობის გამხელისგან და ასევე, კონფიდენციალურობის გამხელის შემთხვევაშიც კი, დასაქმებულების გარანტირებული დაცვა. ასევე დასაქმებულების თანასწორი წარმომადგენლობა ინსპექტირების პროცესში, რომ დასაქმებულების ხმა ისმოდეს არანაკლებ დამსაქმებლის ხმისა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სრულად იყოს წარმოდგენილი კრიტიკული პოზიციები ინსპექტირების პროცესში – დასაქმებულების, პროფკავშირების, რათა შესაძლებელი იყოს ყველა დარღვევის იდენტიფიცირება. და მეოთხე, უნდა არსებობდეს მექანიზმები იდენტიფიცირებული დარღვევების გამოსასწორებლად. ეს შეიძლება იყოს რეინსპექტირების რაოდენობების გაზრდა, დროულად რეინსპექტირება, მძიმე დარღვევებისას ამოქმედებული იქნას ჯარიმები, რომ უფრო სწრაფად მივაღწიოთ შრომის პირობების გაუმჯობესებას. ყველა დარღვევის აღმოფხვრას არ სჭირდება 30 დღის ვადა და ადეკვატურად უნდა განისაზღვრებოდეს ვადა საამისოდ. მყისიერად უნდა იყოს აღმოფხვრილი ის დარღვევები, რასაც იმთავითვე კანონი ავალდებულებს დამსაქმებელს, რომ მოწესრიგებული ჰქონდეს”, – ამბობს ანანო ცინცაბაძე.
2021 წლიდან შრომის ინსპექციის სამსახური ჩამოყალიბდა, როგორც დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში და სრული უფლებამოსილებით საქმიანობს. მას დღე-ღამის ნებისმიერ დროს სამუშაო ადგილზე შესვლისა და ინსპექტირების განხორციელების საშუალება აქვს, საწარმოს გაფრთხილებისა თუ მისი თანხმობის გარეშე. ამ პერიოდიდანვე შრომის ინსპექცია ამოწმებს არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოების ნორმებს, არამედ ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად შრომის კოდექსით განსაზღვრული პირობებისა და სტანდარტების შესრულებას. ინსპექციის უფლებამოსილებებში შედის სამუშაო ადგილებზე შრომის უფლებების, შრომის უსაფრთხოების დარღვევის, იძულებითი შრომისა და სხვა შემთხვევების გამოვლენისას შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ შორის, საწარმოს შეჩერების უფლებაც.
“შემცირებულია დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა იმ პერიოდთან შედარებით, როცა შრომის ინსპექციის სამსახური არ არსებობდა. ეს ნამდვილად არის მიღწევა. შრომის უსაფრთხოების ნორმების შემოწმება და რეინსპექტირება რომ ხდება, მისასალმებელია. პოზიტიური შედეგები ნამდვილად აქვს უწყებას, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ის ეფექტური უწყებაა”, – ამბობს ანანო ცინცაბაძე ნეტგაზეთთან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი: მხოლოდ გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება, გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას

ირაკლი კობახიძე: საქართველოს მთავრობა, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს