უწყება, რომელიც კოვიდ ჯარიმებს წერდა, ჯარიმების ჩამოწერას დადებითად აფასებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა 2 000-მდე მოქალაქეს 5 მილიონ 600 ათასი ლარის კოვიდ პანდემიის დროს გამოწერილ ჯარიმებს გაუნულებს.
პანდემიის დროს, წესების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყების, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ბექა ფერაძეს BM.GE-მ ჰკითხა, გამოიწვევს თუ არა ჯარიმების ჩამოწერა ერთის მხრივ დაუსჯელობის სინდრომს და მეორეს მხრივ, კანონმორჩილ მოქალაქეებში უსამართლობის გრძნობას.
ფერაძე ამბობს, რომ დღეს უკვე მრავალი წელია გასული და ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა.
“შესაბამისი განმარტება იქნა მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული. დღეს უკვე მრავალი წელია გასული და ამ საკითხმა აქტუალობა დაკარგა. იმ პერიოდში ნამდვილად ითამაშა პრევენციული ფუნქცია. დღეს კი, უკვე არარელევანტური იქნებოდა ამ მექანიზმებით მოგვეხდინა ამ ჯარიმების ამოღება. ამიტომ, ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილებაა და ვერანაირი გავლენა ვერ ექნება ბიზნესზე.
ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ პანდემიას და არა შრომის უსაფრთხოების ჯარიმას, რომელიც შეიძლება განგრძობადი იყოს”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 24 ივნისს, იმჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეები პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი სახდელებისგან გაათავისუფლა. საუბარი იყო ჯამში 245 000-ზე მეტ მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირზე.
2021 წლის 1 ივლისიდან ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა , 22 ივნისიდან კი – გარე სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო აღარ იყო. ამიტომ, bm.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რა ჯარიმებზეა საუბარი, რისი ამნისტირებაც ამჯერად პრემიერმა მ მოახდინა.
ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების მიუხედავად, გარკვეული რეგულაციები კვლავ არსებობდა და ამ პროცესმა ჯარიმების დაგროვება გამოიწვია.
bm.ge