„უძრავი ქონების სექტორში სიტუაცია 26 ოქტომბრის შემდეგ მეტ-ნაკლებად, მაგრამ რადიკალურად არ შეცვლილა. საზოგადოების ნაწილს ის დაძაბულობა, რომელიც არჩევნებამდე ჰქონდა, მოეხსნა და ჩაერთო პროცესში, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ ეს სრულად მოხდა, რადგან კვლავ ვხედავთ, რომ ქვეყანაში არის რთული ვითარება და გადაკეტილია გზები“, – ამის შესახებ უძრავი ქონების კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თვენი დრო“ განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი სერიოზული ინვესტორი მიმდინარე პერიოდში თავს იკავებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობისგან, რაც ბუნებრივია ნეგატიური პროცესია. ასევე, ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ყურადღებით აკვირდებიან საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები. მათაც, როგორც ინვესტორებს, სტაბილური და სანდო პარტნიორის ყოლა სურთ.
„ასეთი ვითარება გარკვეული პარამეტრებით იზომება ხოლმე, რომელსაც აკვირდებიან ინვესტორები, რათა გადაწყვიტონ, ღირს თუ არა რომელიმე ქვეყანაში ფულის დაბანდება. ვითარება, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, არის საკმაოდ რთული, ამიტომ ბევრი სერიოზული კომპანია თავს იკავებს ხოლმე ჩვენთან ინვესტირებისგან, რაც სამწუხაროა.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას, ვსაუბრობდით იმაზე, თუ რა გავლენა ექნება ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე. სამწუხაროა, როდესაც გვიწევს ასეთ თემებზე ფიქრი და საუბარი. ცხადია, რომ ქვეყანა, რომელიც სტაბილურია და მიჰყვება თანამედროვე პროცესებს ფეხდაფეხ, უფრო ძლიერი და განვითარებულია. ამიტომ, თუ სადღაც ჩნდება პრობლემა, ეს უნდა გამოსწორდეს.
ჩვენი კლიენტები, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებიდან თანამშრომლობენ ჩვენთან, შეიძლება ითქვას, რომ ახლა სიტუაციას აკვირდებიან. აკვირდებიან სურათს საკმაოდ ფართოდ გახელილი თვალებით და ეს ბუნებრივია, რადგან ყველას სურს ჰყავდეს სანდო და სტაბილური პარტნიორი“, – განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.
როგორც მან განმარტა, შექმნილი რთული სიტუაცია მოქმედებს არა მხოლოდ უცხოელ პარტნიორებზე, არამედ რიგით მოქალაქეებზეც, რომლებიც არასტაბილურობის პირობებში თავს იკავებენ რისკებისგან.
„თავი რომ დავანებოთ საერთაშორისო ინვესტორების და მათ განწყობებს, ავიღოთ ჩვეულებრივი, ქართველი, რომელიც რაღაც x ხელფასზეა დამოკიდებული. როდესაც საუბარია ქვეყანაში არასტაბილურობაზე და გაურკვევლობაზე, წავა ის ბანკში სესხის ასაღებად რომ უძრავი ქონება შეიძინოს? რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში თავს შეიკავებს. დღეს კი გვაქვს ვითარება, როცა ქუჩები არის ჩაკეტილი და გადაადგილებაც კი გართულებულია“, – აღნიშნა ვაჟა მებაღიშვილმა.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი