უძრავი ქონების პირველად ბაზარზე, მაისში გაყიდვების ზრდის შემდეგ ივნისში კლება დაფიქსირდა

Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული კვლევიდან ,,უძრავი ქონების გაყიდვების მახასიათებლები 2025 წლის ივნისი“ ირკვევა რომ, უძრავი ქონების პირველად ბაზარზე ივნისის თვეში გაყიდვების შემცირება დაფიქსირდა. მაისის თვეში კი ზრდა იყო.
,,2025 წლის ივნისში გაყიდვები პირველად ბაზარზე წლიურად 12.9%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად გასული წლის ივნისის დაბალი ბაზითაა გამოწვეული. თუმცა, გაყიდვები თვიურად მაისში დაფიქსირებული ზრდის შემდეგ კვლავ შემცირდა. ჯამურად, 2025 წლის პირველ ნახევარში, გაყიდვები წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა.“- ვკითხულობთ Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
კვლევიდან ირკვევა, რომ 2025 წლის ივნისში მეორად ბაზარზე გაყიდვებმა ზრდა განაგრძო და წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 17.1%-ით გაიზარდა, თუმცა ჯამურად 2025 წლის 6 თვეში გაყიდვების მაჩვენებელი წლიურად 2.6%-ითაა შემცირებული.
Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ პირველად და მეორად ბაზრებს შორის სხვაობა ფასს უკავშირდება. – ,,ბაზრებს შორის სხვაობის მიზეზი შესაძლოა ფასთა სხვაობა იყოს, რადგან მყიდველები ფასის მიმართ სავარაუდოდ უფრო მგრძნობიარე გახდნენ.”- აღნიშნულია კვლევაში.