უძრავი ქონების ბაზარს ყველამ ძალიან ფრთხილად უნდა ვუყუროთ… გეთანხმებით, რომ შესაძლებელია, კრიზისი ძალიან მყისიერად, სწრაფად დაიწყოს – ლევან ფხაკაძე (BMG)

უძრავი ქონების ბაზარს ყველამ ძალიან ფრთხილად უნდა ვუყუროთ… გეთანხმებით, რომ შესაძლებელია, კრიზისი ძალიან მყისიერად, სწრაფად დაიწყოს – ლევან ფხაკაძე (BMG)
“ვისოლ ჯგუფის” ვიცე-პრეზიდენტის და “ბიოგრაფის” დამფუძნებელი ლევან ფხაკაძის თქმით, უძრავი ქონების ბაზარს სექტორის ყველა მოთამაშემ ფრთხილად უნდა უყუროს, რადგან არსებობს კრიზისის მყისიერად დაწყების რისკები – ამის შესახებ ფხაკაძემ BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
კითხვაზე – ჩანს თუ არა უძრავი ქონების სექტორში რისკები იმ ფონზე, რომ ბაზრის მოთამაშეები საუბრობენ პასუხისმგებლიანი დაკრედიტების გაუქმებასა და ბანკების მხრიდან სესხის გაცემის გამარტივებაზე და მიაჩნიათ, რომ ერთი კომპანიის გაკოტრებაც კი სექტორში მნიშვნელოვან რყევებს გამოიწვევს, ლევან ფხაკაძე აღნიშნავს, რომ რისკები მართლაც თვალსაჩინოა.
“ბიოგრაფის” დამფუძნებელი რისკების დაზღვევისთვის საჭირო ნაბიჯებზეც საუბრობს.
“ვთვლი, რომ ამ სექტორს თითოეულმა მოთამაშემ, ბანკებმა და სახელმწიფომაც, უნდა ვუყუროთ ძალიან ფრთხილად. გვესმის, რომ ეს არის ყველაზე დიდი ინდუსტრია ქვეყანაში, რომ ყველაზე დიდი კონტრიბუტორია მთლიან შიდა პროდუქტში და გეთანხმებით, რომ შესაძლებელია, კრიზისი დაიწყოს ძალიან მყისიერად, ძალიან სწრაფად და შეიძლება, ერთი-ორმა წარუმატებელმა პროექტმა ან კომპანიამ აბსოლუტურად შეცვალოს უძრავი ქონების ბაზარი.
ამიტომ, პირველ რიგში, გაფრთხილება მართებთ თვითონ ინვესტორებს; ჩვენ კარგად გვესმის პასუხისმგებლობა, რაც ავიღეთ ჩვენი მობინადრეების წინაშე. მეორე რიგში, ბანკებთან გჭირდება უფრო მეტი თანამშრომლობა და რეგულაციების უფრო შერბილება, თუმცა, ამავდროულად, ბანკები უნდა დარჩნენ მომთხოვნები, რომ შეძლონ ბოლომდე აკონტროლონ პროექტების მიმდინარეობა.
სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სასიამოვნო იყო, როდესაც მოვისმინეთ გასულ კვირას, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეამცირა მოთხოვნები ფიზიკური პირების დაკრედიტებასთან დაკავშირებით და თუ კიდევ იქნება ანალოგიური ნაბიჯები, რომელიც წაახალისებს გაყიდვებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ წაახალისებს სექტორს”, – ამბობს ლევან ფხაკაძე.
ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა. კერძოდ, იპოთეკურ სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კი კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.
bm.ge