„უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არაა“ – დავით კენჭაძე

DK Capital-ის გენერალური დირექტორის დავით კენჭაძის განცხადებით, უძრავი ქონების ფასები საქართველოში, დეველოპერულ ბაზარზე არსებული კონკურენციის პირობებში, სტაბილურია და ფასების ზრდა მხოლოდ თვითღირებულების მატების შემთხვევაშია მოსალოდნელი.
როგორც მან “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნა, უძრავ ქონებაზე ცენტრალურ უბნებში დაბალი ფასის შეთავაზება პრაქტიკულად გამორიცხულია, თუმცა ქალაქის განაპირა უბნებში ლავირების შესაძლებლობა მეტია.
“უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის არის მზად საზოგადოება შეიძინოს უძრავი ქონება იმ ფასად, რასაც სამშენებლო კომპანიები სთავაზობენ. ჩემი დაკვირვებით ფასები, წინა წელთან შედარებით, გაზრდილი არ არის. დეველოპერულ კომპანიებს შორის კონკურენციაა გადახდის პირობების შეთავაზების თვალსაზრისით. ფასების ზრდა შესაძლებელია იყოს მოთხოვნის მკვეთრი ზრდის შემთხვევაში, რისი მოლოდინიც უახლოეს მომავალში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი ფაქტორი, რომელმაც შესაძლებელია, უძრავი ქონების ფასი გაზარდოს – ეს არის თვითღირებულების ზრდა.
დეველოპერის მიერ განხორციელებული პროექტის თვითღირებულებაში გარდა მასალების და შრომის, დიდი წილი მიწის ღირებულებაზე მოდის. იმ ლოკაციებზე, რომლებიც მოთხოვნადია, იქ ფასი საკმაოდ მაღალი იქნება. ცენტრალურ უბნებში გამორიცხულია ვინმემ პროექტი ისე დაიწყოს, რომ ფასები დაბალი იყოს, რადგან მიწის მეპატრონეები მაღალ ფასს ითხოვენ. რაც შეეხება ახალ რაიონებს, რომლებიც ქალაქის ცენტრიდან დაშორებულია – აქ შესაძლებელია ფასების ლავირება მოხდეს”, – აცხადებს დავით კენჭაძე.
რაც შეეხება ქირის და გირის ტენდენციებს – როგორც DK Capital-ის გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ქვეყანაში ქირის ფასი შემცირდა, ხოლო გირის გაიზარდა.
“გირაზე მოთხოვნა ყოველთვის მაღალია, თუმცა მიწოდება ნაკლები. იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც თანახმა არიან ბინა დააგირავონ, ძალიან ცოტაა – შესაბამისად, გირის ფასი იზრდება. რაც შეეხება ქირის ფასებს – შემცირებულია, მოთხოვნა იმდენი აღარ არის. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია, თუმცა ამჟამად ფასები შემცირებულია. ეს არ ეხება კომერციულ უძრავ ქონებას. კარგ ადგილებში კომერციული უძრავი ქონების მოძიება რთულია და ფასები ისევ მზარდია”, – აცხადებს დავით კენჭაძე.
წყარო: ბიზნესპარტნიორი