,,უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების შენელებას არანაირად არ ვვარაუდობ, პირიქით, ბაზარი აქტიურია და მოთხოვნაც მაღალია”- მარიამ ასათიანი

ფასების კლების მოლოდინების მიუხედავად, უძრავი ქონების ბაზარზე ფასები იზრდება. RE/MAX Capital-ის დამფუძნებელი მარიამ ასათიანი საცხოვრებელი უძრავი ქონების გაიაფებას არ ელოდება, მისი თქმით, ფასები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1 კვ.მ-ზე 11%-ით არის გაზრდილი.
“უძრავი ქონების ბაზარი დღევანდელი სიტუაციის ფონზე საკმაოდ აქტიურია, გაყიდვების შენელებას არანაირად არ ვხედავთ, პირიქით, აქტიურია და მოთხოვნა მაღალია.
ფასების კლება არ ფიქსირდება, პირიქით, ოფიციალური მონაცემები არის, რომ საცხოვრებელ ბინებზე 1 კვ მეტრზე ფასები 11%-ით არის გაზრდილი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით; რაც შეეხება კერძო სახლებს კვადრატული მეტრის ღირებულება უფრო მეტად არის გაზრდილი.
ჩვენი მხრიდან ზუსტი მონაცემების დადგენა რთულია, თუმცა კლებას არსებული სტატისტიკური მონაცემები არ ადასტურებს. ფასების კლებასთან დაკავშირებით უფრო მოლოდინი არსებობდა, თუმცა გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ აქტიურია ბაზარი და მესაკუთრეებს საკმარისი რესურსი აქვთ, ფასების კლებას არ ვვარაუდობთ. მესაკუთრეებს საკმარისი რესურსი აქვთ, რათა დაელოდონ ფასის დასტაბილურებას; ამან შეიძლება ბაზრის შენელება გამოიწვიოს, მაგრამ არა ფასების მასშტაბური კლება. ნებისმიერ შენელებას უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ავტომატური კლება არ მოჰყვება”,- აღნიშნა RE/MAX Capital-ის დამფუძნებელმა მარიამ ასათიანმა.