თითოეული ახალი ბაზარი საკმაოდ დიდი კაპიტალის ჩართვას მოითხოვს და შესაბამისად, ამ ეტაპზე, ახალ ბაზრებზე გასვლას არ ვგეგმავთ, – ამის შესახებ ნუგბარის მწარმოებელი კომპანია „ჩაროზის“ დამფუძნებელმა ელენა ჯიშიაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომპანიის პროდუქციის 80% ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ხოლო ექსპორტზე 20%, თუმცა “ჩაროზის” სამიზნე ბაზარი ევროპის ქვეყნებია.
“ამ ეტაპზე, ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე დაკვირვების ეტაპზე ვართ, გვიღირს თუ არა ახალ ბაზარზე გასვლა, რადგან ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. არა მხოლოდ ჩვენ, არამედ, ყველა ასეა – აკვირდება, უყურებს და განიცდის იმ რეალობას, რომელიც ირგვლივ არის.
უცხოეთიდან არის მოთხოვნა, უცხოელები ხარისხზე არიან ორიენტირებულები და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ძირითადი მიმართულებაა. ველოდებით მოვლენათა განვითარებას და შემდეგ უფრო გავაქტიურდებით”, – აცხადებს ელენა ჯაშიაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროდუქცია ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გადის: საბერძნეთში, საფრანგეთში, ავსტრიაში, ნორვეგიაში, პოლონეთში, ჩეხეთში, რუსეთსა და იაპონიაში. მისი თქმით, მოთხოვნა უფრო მეტად ევროპული ქვეყნებიდან არის.
ელენა ჯაშიაშვილის ინფორმაციით, კომპანიის გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27-28%-ით გაიზარდა.
“ადგილობრივ მომხმარებლებში ჩვენი პროდუქცია უფრო და უფრო პოპულარული ხდება. რაც შეეხება უცხოელების წილს – შემცირებულია, რადგან თვითონ ქვეყანაში არის შემცირებული როგორც ტურისტების, ისე ექსპატების რაოდენობა”, – აღნიშნა ელენა ჯაშვიაშვილმა.
ცნობისთვის, ნუგბარის მწარმოებელი კომპანია „ჩაროზი“ ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს და პროდუქციას ამზადებს როგორც იმერეთში (ტყიბულში), ისე რაჭაში (ნიკორწმინდა). კომპანია 2 კვირაში ბრენდულ მაღაზიას თბილისსა და ბათუმში გახსნის.
bp.ge
