“უცხოური ინტერესების” გამტარებლები ხელისუფლებაში

ქართულ ოცნებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება და უცხო ინტერესის გამტარებლად მათი შერაცხვა, ვინც სწორედ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება. სინამდვილეში, ოცნების ლიდერებშიც მრავლად არიან პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში თავად იყვნენ მათივე გაგებით “უცხოური ინტერესების გამტარებლები” და სარგებელს იღებდნენ იმ დონორებისგან, რომელთა დემონიზებაც ახლა სურთ.

პარლამენტის თავმჯდომარე 17 წლის განმავლობაში მუშაობდა გერმანულ ორგანიზაცია საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებაში (GIZ). 2017-2020 წლებში ის ორგანიზაციის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი იყო. 2007-2017 წლებში მართავდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას. იქამდე, 2003-2007 წლებში იყო იმავე ორგანიზაციის სამართლის ექსპერტი.
ანრი ოხანაშვილი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 2015-2017 წლებში საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) პროექტის ფარგლებში არსებული “ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის” (DGStZ) მთავარი რედაქტორი იყო. იქამდე, 2008-2010 წლებში მეცნიერ-თანამშრომელი იყო გერმანული ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტში.
გივი მიქანაძე
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე 2013-2015 წლებში ევროპის საბჭოს თბილისის ოფისში პროექტის უფროსი ოფიცრის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2013 წლამდე პროექტის ოფიცერი იყო. 2009-2010 წლებში მიქანაძე ასევე იყო დასაქმებული გაეროს განვითარების პროექტში (UNDP) ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობის შესახებ. 2005 წელს ხელმძღვანელობდა ეუთოს (OSCE) პროექტს ქუთაისის ციხის პერსონალის გადამზადებისთვის, ხოლო 2005-2005 წლებში ჩართული იყო ევროკავშირის პროექტში სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმისთვის ექსპერტების გადასამზადებლად. 2000-2001 წლებში მიქანაძე სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობისთვის გაეროს განვითარების პროექტის (UNDP) იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი იყო.
არჩილ თალაკვაძე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2011-2012 წლებში საქართველოში -ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დირექტორის მოადგილე იყო. 2007 წელს საქართველოში ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა, ხოლო 2006-2007 წლებშიც ასევე USAID-ის პროექტის კოორდინატორის პოზიცია ეკავა.
ნიკოლოზ სამხარაძე
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე 2010-2016 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) საზღვრის მართვის პროგრამების ხელმძღვანელი იყო, ხოლო 2005-2010 წლებში სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისში ექსპერტის თანამდებობაზე მუშაობდა.
მაია ბითაძე
დეპუტატი 2014 წლამდე გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ორპესის კონვენციის ბიუროს თავმჯდომარე იყო. 2006-2011 წლებში იურიდიულ კონსულტანტად მუშაობდა საქართველოში ეუთოს. ეუთოს (OSCE) პროექტ “ორჰუსის ცენტრში”. 2004-2005 წლებში იყო იურისტ-ექსპერტი UNDP/FAO-ს პროექტში საქართველოს თევზის მეურნეობისა სექტორის განვითარების შესახებ. ბითაძე იმავე პოზიციაზე UNDP-ის სხვადასხვა პროექტებში ასევე მუშაობდა 2003-2004 წლებშიც, ხოლო 2001-2003 წლებში საქართველოში მსოფლიო ბანკის (World Bank) პროექტის იურისტ-ექსპერტი იყო.
სოზარ სუბარი
2023 წელს რუსული კანონის პირველი ვერსიის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ამჟამად ანტიდასავლური პარტია ხალხის ძალის თავმჯდომარე სოზარ სუბარი 2010-2015 საქართველოში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი იყო, ის დღემდე კომისრის საბჭოს წევრია. სუბარი 2003-2004 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფლების ინსტიტუტის პროექტის – “კანონის უზენაესობის” დირექტორი იყო. თავისუფლების ინსტიტუტი დასავლური დონორების ბენეფიციარია. დეპუტატი 1996-2003 წლებში აშშ-ს მთავრობის მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იყო რომელიც რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უცხო ინტერესების გამტარებლად შეირაცხება.
ეკა სეფაშვილი
ასევე ხალხის ძალის წევრი და კანონის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი 2020 წელს ევროპის საბჭოს დემოკრატიისა და მმართველობის დეპარტამენტის მრჩეველი იყო. იქამდე. 1997-2002 წლებში ჩართული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს მთავრობის პროექტში გენდერული უფლებების შესახებ.
ბექა დავითულიანი
ქართული ოცნების დეპუტატი 2010-2013 წლებში დასაქმებული იყო მედიაჰაუს დეკომში, რომელიც რამდენიმე მედიას, მათ შორის გამოცემა ლიბერალს აერთიანებდა. ლიბერალი დასავლური დონორების, მათ შორის ღია საზოგადოების ფონდის ბენეფიციარი იყო.
გიორგი ხელაშვილი
ოცნების დეპუტატი 2002-2004 წლებში აშშ-ს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს (IREX) მასმედიის გრანტების მენეჯერი იყო და თავად მონაწილეობდა იმგვარი ორგანიზაციების დაფინანსების პროცესში, რომელთა მოხსენიებაც ახლა უცხო ინტერესის გამტარებლად სურთ. 2002 წელს გაზეთი 24 საათის ჟურნალისტი და საერთაშორისო მიმომხილველი იყო, ხოლო 2002-2003 წლებში ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ჟურნალისტი და საინფორმაციო პროგრამების წამყვანი. ხელაშვილი 2004-2007 წლებში ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით დაფუძნებული სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის აკადემიური პროგრამების დირექტორის თანამდებობაზეც მუშაობდა.
კახა კახიშვილი
დეპუტატი 2011 წლიდან დღემდე არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი დამცველის სამართლებრივი დირექტორია. ორგანიზაცია წლების განმავლობაში იღებს მხარდაჭერას ამერიკული NED-სგან, ევროკავშირისგან, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრისგან (ICMPD) და ასე შემდეგ.
მთავრობის წევრები
ირაკლი
ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარე და ამჟამინდელი პრემიერმინისტრი 2006-2014 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ექსპერტი და პროექტის მენეჯერი იყო, ხოლო 2000-2001 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორის თანამდებობაზე მუშაობდა.

იუსტიციის ყოფილი, ამჟამად კულტურის მინისტრი და ვიცეპრემიერი, მიუხედავად არასაპარლამენტო საქმიანობისა, აქტიურად უჭერს მხარს რუსული კანონის მიღებას. წულუკიანი 10 წლის განმავლობაში, 2000-2010 წლებში თავად მუშაობდა ევროპის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობაზე.
ირაკლი ჩიქოვანი
ამჟამად თავდაცვის მინისტრი და გასულ წელს რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი 2016-2018 წლებში მოწვეულ ექსპერტად მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID)
ლევან დავითაშვილი
ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი 2007-2009 წლებში USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტის, Ag Vantage-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის მენეჯერი იყო. 1999-2001 წლებში მუშაობდა მსოფლიო ბანკის საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მართვის დახმარების ცენტრი (CERMA) მთავარ კონსულტანტად.
ქართული ოცნების იმ წევრებისა და ლიდერების ჩამონათვალი, რომელიც რაიმე სახით “უცხოურ ძალასთან” და მათი “ინტერესების გამტარებელთან” მუშაობდა ან ფინანსდებოდა, კიდევ გრძელდება. მათ შორის არიან დეპუტატები ირაკლი ბერაია, ირაკლი კოვზანაძე, ლევან ქარუმაძე, ხატია წილოსანი, ზაურ დარგალი, რატი იონათამიშვილი, იმედა ნიკურიძე, ბაია კვიციანი და სხვები.
გარდა ამისა, ოცნების დაქვემდებარებაში მომუშავე სახელმწიფო ინსტიტუტები თავადაც მუდმივად იღებენ დაფინანსებას დასავლური დონორებისგან. საქართველოს პარლამენტის ოფიციალური ვებგვერდი USAID-ის მხარდაჭერითაა შექმნილი. ასევე, აშშ-ს მთავრობის მიერ ფინანსდებოდა მთავრობის ვებგვერდის ახალი ვერსიის შექმნა, რომელიც ამჟამად ისევ ძველი ვერსიითაა ჩანაცვლებული. USAID-მა დააფინანსა, მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდიც. მეორე მხრივ, ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული, მაგალითად, კონკურენციის სააგენტოსა და სხვა არაერთი უწყების ვებგვერდი.