უცხოური ინვესტიციები შემცირდა, კომპანიების ნაწილი კი ვალდებულებებს ვერ ასრულებს – ვითარება აჭარაში

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, მათ შორის საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ბოლოს საქართველოში უცხოური ინვესტიციები შემცირდა. ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ კლების ტენდენცია პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე არ შეიცვლება და ახალ, მსხვილ ინვესტორებს უახლოეს მომავალში არ უნდა ველოდეთ.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მილიარდ 333 მილიონ დოლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელზე 29.9%-ით ნაკლები დაფიქსირდა.
„2024 წელს ბოლოს იყო კლება, რეალურად გასულ წელს უკვე მნიშვნელოვანი ახალი ინვესტიციები აღარ შემოსულა, 30 პროცენტი კლება გვქონდა და რაც შემოვიდა, ძირითადად, ეს იყო უკვე არსებული კომპანიების რეინვესტირება, წლების წინ საქართველოში შემოსული უცხოური კომპანიების მიერ თავის ბიზნესში ფულის ჩადება. ან ეს ინვესტიციები ფორმალურად არის უცხოური და სინამდვილეში ქართული ინვესტიციებია.
ტოპ ათი კომპანია, რაც გამოქვეყნდა მედიაში, ვინც შემოიტანა საქართველოში ინვესტიცია, მათ შორის შვიდი რეალურად იყო ქართველების. როცა ქართული მსხვილი ბიზნესი რეგისტრირებულია საზღვარგარეთ და საზღვარგარეთიდან შემოდის ფული, საქართველოში ეს იწერება როგორც უცხოური ინვესტიცია, თორემ საქართველოში, როგორც ასეთი, უცხოური ფული ძალიან ცოტა შემოდის.
2024 წლის პოლიტიკური კრიზისი დაიწყო აპრილიდან, პირველი რუსული კანონი როცა დააინიციირეს და დიდი აქციები დაიწყო. ასევე, დაიწყო საუბარი სანქციებზე, სავარაუდოდ ეს აისახა ინვესტიციებზე.
წლის ბოლოს უფრო დაიძაბა სიტუაცია, უფრო დიდი აქციები იყო, ძირითადად ვინც არის დასანქცირებული, სწორედ იმ დროს დაასანქცირეს. ბუნებრივია, ეს უცხოელ ინვესტორს აფრთხობს, ქართველსაც აფრთხობს, მაგრამ როცა აქ ბიზნესი უკვე გაქვს და რაღაცაც თანხა გჭირდება, შემოაქვთ.
საბოლოო ჯამში, თუ გამოვაკლებთ ქართველი ინვესტორების ფულს, რომელიც შემოდის ბრიტანეთიდან, ნიდერლანდებიდან, მალტიდან … და თუ გამოვაკლებთ რეინვესტირებასაც, ძალიან ცოტა დაგვრჩება, რაც რეალურად შემოდის უცხოეთიდან“ – განმარტავს „ბათუმელებთან“ ბესო ნამჩავაძე, ეკონომისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მკვლევარი.
ცალკე საკითხია, რომ მთავრობა სახელმწიფო ქონებას ვერ ყიდის. მაგალითად, ბოლო წლების ტენდენციების მიხედვით აჭარის მთავრობას, სახელმწიფო ქონების გასხვისების ნაწილში დიდი გარღვევა აქვს.
მიუხედავად ამისა, მთავრობა ყოველი შემდეგი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას არაფინანსური აქტივების ნაწილში, საპროგნოზო მაჩვენებელს ზრდის. ამას ემატება ისიც, რომ ბოლო წლებში შემოსული მსხვილი ინვესტორები აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებენ. პროექტების ნაწილი, რომლებიც აჭარის მთავრობამ პომპეზურად დააანონსა, წლებია დაპაუზებულია.
მაგალითად, კომპანია, რომელიც ქობულეთში 500 მილიონის ინვესტირებას გეგმავდა, ვალდებულებას ვერ ასრულებს – 2019 წელს აჭარის მთავრობის მიერ პომპეზურად დაანონსებული მასშტაბური პროექტის, „მწვანე ქალაქის“ მშენებლობა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ წინასწარ განსაზღვრული პირობებით შპს „გრინ რეზორტს“ 1 796 308 კვ/მეტრზე მულტიფუნქციური კომპლექსი უნდა აეშენებინა.
ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას მისი გაფორმებიდან 26 თვის ვადაში სამშენებლო სამუშაოების დაწყება და 78 თვის ვადაში მშენებლობის დასრულება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება ევალებოდა, ამ ყველაფერში კი არანაკლებ 250 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო, საკუთრივ ან მესამე პირის მეშვეობით. ამ ვალდებულებების ვადების გადაწევა კომპანიამ აჭარის მთავრობას არაერთხელ სთხოვა და დადებითი პასუხიც მიიღო „საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის“ მოტივით.
მაშინ მთავრობამ ნახევარ მილიარდიანი ინვესტიციის შესახებ დააანონსა, თუმცა ხელშეკრულებაში 250 მილიონი ჩაწერეს. თუმცა ეს საკითხი მნიშვნელობას კარგავს, რადგან კომპანიამ ვალდებულების შესრულების ვადების გადაწევა არაერთხელ მოითხოვა და მშენებლობა დღემდე ვერ დაიწყო.
კიდევ ერთი მაგალითი ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ უკავშირდება:
მწვანე კონცხზე ზღვისა და მთის პანორამული ხედებით მიწის ნაკვეთი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2015 წელს იყიდა. აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიის საკუთრებაში გადავიდა ყოფილი აგრარული უნივერსიტეტისა და საერთო საცხოვრებლის შენობები და ასევე, მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, 13 640 კვ.მეტრი. ეს ქონება კომპანიამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 4 600 000 ლარად იყიდა და ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო.
შესყიდული ტერიტორიის მიმდებარედ შპს „ბიზნეს დეველოპმენტმა“ მიწის ნაკვეთი 2017-2020 წლებშიც შეისყიდა და, საბოლოოდ, ამ ფართობების ერთ კოდზე გაერთიანებების შემდეგ, საკუთრებაში 5 ჰექტრამდე ფართობი დაირეგისტრირა.
თავდაპირველად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიას აქ მშენებლობის ნებართვის მიღებიდან 4 წელში მრავალფუნქციური შენობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობა უნდა დაესრულებინა, 5 წლის ვადაში კი შენობა ექსპლუატაციისთვის მზად უნდა ყოფილიყო. თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დასრულებულა.
წლებია გაყინულია რამდენიმე საინვესტიციო პროექტი ბათუმში, რომლებსაც მთავრობა ინვესტიციის გარდა კონკრეტულ უბანში ტურისტების მოზიდვის შესაძლებლობას უკავშირებდა. ინვესტორმა დათქმული ვადის გაგრძელება რამდენჯერმე ითხოვა და თანხმობაც მიიღო, თუმცა მშენებლობა ნულოვან ნიშნულს ჯერ კიდევ ვერ გასცდა. ამ საინვესტიციო წინადადებებს შორის არის ის პროექტები, რომლებთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებები წინა მთავრობამ გააფორმა, ახალმა მთავრობამ კი განაახლა და ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად კომპანიების მეპატრონეებს ახალი ვადები მისცა, თუმცა უშედეგოდ.
მათ შორისაა Adog Georgia-ს პროექტი. ამ კომპანიამ ს ცენტრში, გოგებაშვილის #10-12-ში მაღალი კლასის სასტუმროსა და კაზინოს მშენებლობის პირობით 1621 კვ/მეტრი ფართობი 2011 წელს თუნუქით შემოღობა. აჭარის მთავრობასთან მაშინდელი შეთანხმების პირობებით Adog Georgia-ს 22-სართულიანი სასტუმრო კომპლექსი „კუბთაუერი“ 40 თვეში უნდა აეშენებინა.
კომპანიამ სახელმწიფოსთან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა. მთელი ამ წლების განმავლობაში მშენებლობა რამდენიმეჯერ განაახლეს, თუმცა უშედეგოდ – ეს განახლებები საძირკველს ვერასდროს გასცდა.
ასევე, ბათუმის იახტკლუბის ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა, რომელიც 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულებულიყო, აჭარის მთავრობამ 2026 წლის ივლისამდე გადადო.
კომპანია „რივიერა“ [შემდგომში „ბათუმი რივიერა“], რომელსაც აქ მინიმუმ 3 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო, იახტკლუბს და მიმდებარე ტერიტორიას მეხუთე წელია სარგებლობს. ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა კი ჯერ ისევ არ დაწყებულა. მთავრობასთან შეთანხმების მიხედვით „რივიერა“ 1 ლარად იჯარით აღებულ ტერიტორიას [იახტკლუბს] 2038 წლამდე ისარგებლებს.
2024 წლის ანგარიშის მიხედვით, რასაც კანონის შესაბამისად მთავრობა შემდეგი წლის პირველი კვარტლის დასრულებამდე წარადგენს, აჭარის მთავრობამ გეგმა ამ ნაწილში ვერც გასულ წელს შეასრულა. კერძოდ, გეგმა 112 მილიონის ღირებულების ქონების გასხვისება იყო, ფაქტობრივმა შესრულებამ კი მხოლოდ 22 მილიონ 835 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმის 20 პროცენტია.
აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის 2025 წლის 3 აპრილს წარდგენილ ანგარიშში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო განმარტავს, რომ ისევ ვერ მოხერხდა რიგი ქონების პრივატიზება:
„სამინისტროს მიერ განსაკარგად გათვალისწინებული ქონების პრივატიზების მიზნით გამოცხადდა აუქციონები, მათ შორის რიგ ქონებაზე არაერთგზის, რომლებიც არ შედგა განაცხადების შემოუსვლელობის გამო. საანგარიშო პერიოდში ძირითადი კაპიტალის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 797 ათასი ლარი, ხოლო მიწის გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 22 მილიონი ლარი“.
არაფინანსური აქტივების განკარგვის ნაწილში ბიუჯეტი გასულ წელსაც ვერ შესრულდა. ამ მხრივ დაგეგმვის ნაკლოვანებებზე მიუთითებდა სახელმწიფო აუდიტიც.
აუდიტი თავის ანგარიშში წერდა, რომ აჭარის მთავრობა, განსაკუთრებით არაფინანსური აქტივებიდან მისაღებ შემოსულობებს, ბოლო წლების ტენდენციების საფუძველზე არ განსაზღვრავს. შესაბამისად, ამ მიმართულებით ჩამორჩენა 2023 წლის ბოლოსაც დაფიქსირდა და 2022 წლის ბოლოსაც.
უფრო მეტიც, აუდიტი მკაფიოდ მიუთითებს მთავრობას, არ გაბეროს ციფრები და პროგნოზი ანალიზის საფუძველზე გააკეთოს.
მთავრობამ ეს გაფრთხილება 2024 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას არ გაითვალისწინა.
წყარო: “ბათუმელები”