უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გამორიცხულია, შედეგები ძალიან მძიმე იქნება – ქობულია დასავლეთისგან იზოლაციაზე (bm.ge)

არსებულ სიტუაციაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა პრაქტიკულად გამორიცხულია – ასე აფასებს ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საქართველოს ეკონომიკაზე დასავლეთის სანქციების მოსალოდნელ ეფექტს.
როგორც გიორგი ქობულიამ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, დასავლეთისგან იზოლაცია და შექმნილი არასტაბილურობა უკვე აისახება ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორზე და ამ დარგებში შემცირების ტენდენცია კიდევ უფრო მკვეთრი მომავალ წელს იქნება. მისივე თქმით, მოსალოდნელია, ლარზე წნეხის გაზრდაც.
“შედეგები ძალიან მძიმე იქნება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა ისედაც გვიჭირდა და დღეს ეს პრაქტიკულად გამორიცხულია, ძალიან რთული იქნება. ქვეყანაში არასტაბილურობა უკვე აისახება ტურიზმის სექტორზე, მთელი რიგი ჯავშნები გაუქმებულია. ეს აისახება ასევე სამშენებლო სექტორზე, უძრავი ქონების გარიგებები პრაქტიკულად ნულამდეა დაცემული. ამას მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი ექნება, რომელსაც ჩვენ 2025-ში დავინახავთ. ლარზე დიდი წნეხი იქნება, რადგან ვალუტის შემოდინებები შემცირდება”, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.