„ახალი ეკონომიკური სკოლა საქართველოს“ პრეზიდენტმა პაატა შეშელიძემ „კომერსანტთან“ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ტენდენციის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ინვესტიციების მკვეთრი ვარდნის მიზეზი სახელმწიფოს მხრიდან მძლავრი კონტროლი და ეკონომიკაზე პოლიტიკის დიდი გავლენაა, რაც ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს ასუსტებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის პირველი კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 64.4 პროცენტით ნაკლებია.
საქსტატის ცნობით, შემცირება განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სამივე კომპონენტის – სააქციო კაპიტალის, რეინვესტიციისა და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.
„პირველი კვარტალი იყო მანამდე, ვიდრე ეს პროცესები დაიწყებოდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამიტომ ასეთ მაჩვენებელს ამას ვერ დავაბრალებთ. უნდა ვეძებოთ უფრო ფუნდამენტური მიზეზი იმის, თუ რატომ არის ასეთი ცვლილება, რომ საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობას.
თუ დავაკვირდებით გასული წლის მონაცემებს, უცხოური ინვესტიციების კლება დაიწყო სწორედ წინა წლიდან და ასეთი ტენდენცია გრძელდება.
პირადად ჩემთვის, ამის მიზეზი არის ის, რომ მსხვილი ინვესტიციების მართვა პოლიტიკური გავლენის შენარჩუნების პროცესის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ, მოქმედი ხელისუფლება უკვე წლებია, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მეწარმეობის კონტროლს.
ახლა რომ არის საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით, ხომ გესმით, რომ ეს ფინანსები მიზერია საწარმოო სექტორში არსებულ ინვესტიციებთან შედარებით. მათი ამოცანა თავიდანვე იყო ის, რომ ბიზნესი გაეკონტროლებინათ და უცხოური ინვესტიცია ისე არ შემოსულიყო საქართველოში, რომ მათი ნება არ ყოფილიყო. შესაბამისად, უცხოური ინვესტიციების კლება გამოწვეულია იმით, რომ ამ ფინანსებზე ხორციელდება პოლიტიკური კონტროლი და უბრალოდ ამის გაგება არ უნდა.
თუ შევხედავთ მონაცემებს, ვნახავთ, რომ უცხოური ინვესტიციები ძირითადად ხორციელდება ისეთ სექტორებში, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს, მაგალითად ენერგეტიკა და სხვა. ესენი სინამდვილეში ტენდერებია. ასევე მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება ხელისუფლების შტოებს დაქვემდებარებულ სფეროებში, იგივე ტრანსპორტში, რომლის მნიშვნელოვანი წილი მუნიციპალიტეტების მართვაშია. უცხოური ინვესტიციების დიდი ნაწილი მოდის ისეთ სექტორებში, სადაც ჯერ კიდევ სახელმწიფოა მთავარი მონაწილე.
შედარებით თავისუფლად სექტორებში კი, როგორიც ვაჭრობა და ტურიზმია, იქ ინვესტიციები მცირდება და რაც დრო გადის უფრო ნაკლები და ნაკლებია. სწორედ სახელმწიფო კონტროლის ფაქტორია მთავარი მიზეზი, რის გამოც უცხოური ინვესტიციები მკვეთრად მცირდება“, – აღნიშნა პაატა შეშელიძემ.
