უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნულმა ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება. სებ-ის განმარტებით, აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის.
“გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების ადგილობრივ ეკონომიკაზე გავლენის შესამსუბუქებლად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, კონტრციკლური ბუფერის დაგროვება ეტაპობრივად მოხდება, ხოლო უცხოური ვალუტის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმის ზედა ზღვარი მცირდება.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბანკებს ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის დაგროვება შემდეგი განრიგით მოეთხოვებათ: 2024 წლის 15 მარტისთვის – 0.25 პროცენტი, 2025 წლის 15 მარტისთვის – 0.5 პროცენტი, 2026 წლის 15 მარტისთვის – 0.75 პროცენტი, 2027 წლის 15 მარტისთვის – 1 პროცენტი. დამატებით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტის მოკლევადიან ვალდებულებებზე სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი 25 პროცენტიდან 20 პროცენტამდე შეამცირა. აღნიშნული ცვლილებით ადგილობრივ ბაზარს მიეწოდება დამატებითი ლიკვიდობა უცხოურ ვალუტაში და გაუჩნდება მეტი მოქნილობა ბუფერის დაგროვებისთვის, რაც ფინანსურ სექტორზე გლობალურად გამკაცრებული ფინანსური პირობების გავლენას გარკვეულწილად შეამსუბუქებს, და შედეგად, გააუმჯობესებს წვდომას ფინანსებზე.
საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას კვლავაც შეუფერხებლად განაგრძობს. 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ. გასულ წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია აქტივების ხარისხიც. 2023 წლის ოქტომბერში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლით კურსის ეფექტის გამორიცხვით, 16.2% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა გრძელვადიან ტრენდს კვლავაც ჩამორჩება, თუმცა წლის დასაწყისთან შედარებით, სესხების მშპ-თან ფარდობის უარყოფითი გაპი შედარებით შემცირებულია, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ნორმალიზებისა და მდგრადი საკრედიტო აქტივობის ასახვაა. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ სესხების მშპ-სთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს 2024 წელს დაუახლოვდება. შესაბამისად, მიმდინარე ეტაპზე კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტის ცვლილების საჭიროება არ იკვეთება.
ეროვნული ბანკი დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, გრძელვადიან გეგმაზე აქტიურ მუშაობს განაგრძობს. დოლარიზაციის მაღალი დონე და მასთან დაკავშირებული რისკები ქართული ფინანსური სექტორისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
რისკების შერბილების მიზნით, სებ-ი გეგმაზომიერ ნაბიჯებს დგამს. გასულ კომიტეტზე არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხზე ლიმიტი 300,000 ლარამდე გაიზარდა. იმისთვის, რომ სტრუქტურული რისკების შემცირება მომავალშიც შეუქცევადად გაგრძელდეს, სებ-ი, ბანკებთან შეთანხმებით, ლიმიტს ეტაპობრივად გაზრდის არსებული მაკროეკონომიკური გარემოსა და რისკების გათვალისწინებით.
საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 28 თებერვალს გაიმართება.” – ნათქვამია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დავიწყეთ 2023 წლის 8 სექტემბერს, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების გაცემა. მათ ვისაც საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები სტიქიამ დაუნგრია, შესაბამისი კომპენსაცია გადაეცათ“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ბიუჯეტის განხილვისას