„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს ხვალ წარედგინება

8 აპრილს, პარლამენტის ბიუროს ინიციირებისათვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის პროექტი წარედგინება. რის შემდეგაც ბიურო კანონპროექტს განსახილველად პარლამენტის კომიტეტებს გადასცემს.
აღნიშნული კანონპროექტი ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” დაარეგისტრირა და შინაარსით გასულ წელს ინიციირებული და ჩაგდებული კანონპროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან ფინანსდება. ყველა, ვინც ასეთ ორგანიზაციად მოიაზრება, საჯარო რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.