„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყო.
კერძოდ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
პარლამენტში მედიის ნაწილის დაშვების შეზღუდვის მიუხედავად, კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ირწმუნება, რომ დასწრების საშუალება ყველას მაქსიმალურად მიეცა. ამასთან, ის მიკროფონით სარგებლობის საშუალებას არ აძლევს ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებიც კანონს რუსულს უწოდებენ.
„ერთ განმარტებას გავაკეთებ, სხდომა გადაიცემა პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტები აქ ესწრებიან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან. ყველას მაქსიმალურად მივეცით საშუალება, რომ სხდომას დასწრებოდნენ. ჩვენი ამოცანაა, საკითხები თუ გსურთ, რომ განვიხილოთ შინაარსობრივად, უნდა განვიხილოთ. ვფიქრობ, დემოკრატიულ საზოგადოებაში, ჩვენს საზოგადოებას აქვს უფლება, პირდაპირ ეთერში ჰქონდეს წვდომა კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობაზე. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, ნუ გაავრცელებთ დეზინფორმაციას. კანონპროექტის სახელწოდება თქვენ იცით, ამიტომ თუ გულისხმობთ კონკრეტულ კანონპროექტს, ბრძანეთ რომელ პროექტს გულისხმობთ. მე არ ვიცი რუსული კანონი, რომელიც აქ დღეს უნდა განვიხილოთ, ასეთი კანონპროექტი არ არსებობს,“ – განაცხადა ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას.
მიუხედავად ოხანაშვილის პოზიციისა, მას ოპოზიციონერმა დეპუტატებმა შეახსენეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლე არ არის და ყველა მსურველს, მათ შორის მედიის ნაწილს სხდომაზე დასწრების საშუალება არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა