„უცხოელ სტუმრებს განსაკუთრებით „ხვანჭკარა“ და „ალექსანდროული“ მოსწონთ” – „ჭრებალოს მარანი“
“ჭრებალოს მარნის” მენეჯერის, ნათია ლოლუას შეფასებით, ქართულ ღვინოს აზიის ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს.
როგორც მარნის წარმომადგენელი “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, ტურისტულ ობიექტზე უცხოელ სტუმრებს განსხვავებული გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით “ხვანჭკარა” და “ალექსანდროული” მოსწონთ.
“ცხადია, დიდი შანსი გვაქვს, რომ საკუთარი ნიშა დავიკავოთ, რადგან ჩვენი ღვინო გემოვნური თვისებებით ძალიან განსხვავებულია. ადგილობრივ ბაზარზეც კი მრავალი სახის ღვინით ვართ წარმოდგენილი და თავად ქართველებს უკვირთ ხოლმე, იმდენად უცხო გემოები გვაქვს და იაპონელებს, როგორ არ გაუკვირდებათ?! მაგალითად, მარანში როდესაც უცხოელები ჩამოდიან და ღვინოს სინჯავენ, გემოვნურ თვისებებზე ყოველთვის აქცენტს აკეთებენ. განსაკუთრებით “ხვანჭკარა”, “ალექსანდროული” მოსწონთ – უკვირთ, რომ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი სახეობის ყურძნის ჯიში გვაქვს. ქართული ღვინოები, სხვადასხვა, კერძებს შეესაბამება, შესაბამისად, წარმოუდგენელია, უცხოელების გემოვნება არ დავაკმაყოფილოთ”, – აღნიშნავს “ჭრებალოს მარნის” მენეჯერი.
ნათია ლოლუა ზოგადად წარმადობის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ კომპანია წელიწადში 300 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.
“ადგილობრივი რაჭა-ლეჩხუმის ჯიშებისგან ვაწარმოებთ სხვადასხვა, ტრადიციულ, ახალ ღვინოს, რომელიც ჩვენ შევქმნით. საექსპორტო ბაზრის გაფართოებას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავთ. ექსპორტზე, მაგალითად, აშშ-ში, გერმანიაში გავდივართ. ასევე ადგილობრივ ბაზარზეც ვართ წარმოდგენილი, 8 000-ს მოსავალში შეგიძლიათ, გვნახოთ. ერთი ბოთლი ღვინის საშუალო დიაპაზონი 25 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს”, – აცხადებს ნათია ლოლუა.
ცნობისთვის, მარანი ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჭრებალოში, ხვანჭკარის ზონაში მდებარეობს. ვენახის ფართობი 10 ჰექტარია. განთავსებულია 1896 წელს აშენებულ ისტორიულ შენობაში მდინარე ასკის პირას, ხოლო ვენახი გაშენებულია სოფ. ჟოშხაში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე.
კომპანიის მფლობელები წარმოადგენენ თავად სოფელ ჭრებალოს დამფუძნებლების შთამომავლებს, სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა სოფ. ჭრებალოს ისტორიულ შენობაში ღვინის საწარმოსა და მარნის დაარსება. “ჭრებალოს მარანი” რაჭა-ლეჩხუმის რჩეული ვენახებიდან 6 სახეობის ქვევრის, მშრალ და ნატურალურად ნახევრად ტკბილ ღვინოებს აწარმოებს. მარანში ხდება ასევე ჭაჭის წარმოებაც.
წყარო: ბიზნესპარტნიორი
