„უცხოელ ინვესტორებს საქართველოში ზეთისხილის ბაღების გაშენების ინტერესი აქვთ“ – გიორგი სვანიძე

„თითქმის ყოველთვე ვიღებთ უცხოელ ინვესტორებს, რომლებსაც საქართველოში ზეთისხილის ბაღების გაშენების ინტერესი აქვთ“, – ამის შესახებ ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, საქართველო ზეთისხილის ყველა მწარმოებელმა ქვეყანამ გაიცნო.
გარდა ამისა, გიორგი სვანიძემ აღნიშნა, რომ უცხოელი ინვესტორების გარდა, ადგილობრივ ბაზარზე ქართველმა ფერმერებმა ზეთისხილის კულტურა აიტაცეს და დღეს მათგანაც ძალიან დიდი დაინტერესებაა.
„საქართველოში მასიურად დაიწყო ზეთისხილის დარგვა, ძალიან ძლიერი კულტურაა, ათასი წლობით ხარობს. მარტივი მოსავლელია და იმერეთში, ქართლში და კახეთში ძალიან კარგად იზრდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებები აქვს. ზეთისხილის ფასი არის სტანდარტული. ეს ფასი მოცემული გვაქვს მსოფლიო ბაზრიდან, მაგრამ საქართველოში მოყვანილი ზეთისხილის ზეთი, გამომდინარე იქიდან, რომ მუშა ხელი იაფია, სწორი საგადასახადო პოლიტიკაა, მიწა-წყალი საშუალებას გვაძლევს უფრო მარტივად და იაფად გავზარდოთ – ჩვენ საბოლოო პროდუქტი შედარებით იაფი გვიჯდება ვიდრე ევროპაში წარმოებული. ეს გვაძლევს საშუალებას მსოფლიოს ბაზრებზე კონკურენტუნარიანი ვიყოთ.
ამ ეტაპზე ჩვენს ზეთს ექსპორტზე ვაგზავნით ყაზახეთში, ჰოლანდიაში. გარდა ამისა, ვმუშაობთ დუბაი, აბუ-დაბი, ბაჰრეინის ბაზრებზე და ვფიქრობ, რომ მომავალ წელს ჩვენს ნიშას დავიკავებთ. გარდა ამისა, საუბარია ბრაზილიასა და ამერიკაზე“, – აცხადებს გიორგი სვანიძე.