საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკლებობაა. ეკონომისტები აცხადებენ, რომ FDI-ის დარგობრივი ჩაშლა და სექტორები ძირითადად არ იცვლება და ინვესტიციები არ ხორციელდება ისეთ სექტორებში, სადაც მისი რეალური ნაკლებობაა.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სიმცირე რამდენიმე საკითხით არის გამოწვეული, მათ შორის უცხოელებისთვის საქართველოში მიწების შესყიდვაზე დაწესებული შეზღუდვა. მისი თქმით, აუცილებელია უფრო აქტიური კომუნიკაცია პოტენციურ ინვესტორებთან და ასევე ცნობიერების ამაღლება, რომ ქვეყანაში ბიზნესის წარმოება მარტივია.
“ჩვენ ვიცით ამის გამომწვევი მიზეზი – მათ არ შეუძლიათ საკუთრებაში მიწის აღება, თუმცა აქვთ ალტერნატივა, რომ ქართველ პარტნიორთან ერთად გრძელვადიანი იჯარით აიღონ მიწები და მინორიტარული წილის მფლობელები იყვნენ.
ვფიქრობ, ერთი მხრივ გვჭირდება ცნობიერების ამაღლება, რომ ბიზნესის კეთება საქართველოში მარტივია. მეორე მხრივ, გვჭირდება უფრო მეტი კომუნიკაცია უცხოელ ინვესტორებთან ჩვენი პოტენციალის შესახებ, რისთვისაც გამოფენები, რომლებიც ხორციელდება კარგი მაგალითია. დარწმუნებული ვარ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ საქართველოში მიწების ფასის გაიზრდება და მოთხოვნაც. ჩვენ კი მათ კვალიფიციური კადრები უნდა დავახვედროთ,”- ამბობს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე.