საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1.1%-ით მეტია.
აქედან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 1.3%-ით მეტია.
მოგზაურად ითვლება ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით. ვიზიტორი არის 15 წლის ან უფროსი ასაკის საქართველოს არარეზიდენტი მოგზაური, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე ერთ წელზე ნაკლები დროით ვიზიტი ჰქონდა.
2025 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 970.5 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 1.3%-ით მეტია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 958.9 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი. საერთაშორისო ვიზიტორების 82.6% მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 13.7% პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.7% იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
ტურისტად ითვლება ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე. ექსკურსანტი არის ვიზიტორი, რომელიც ღამეს არ ათენებს საქართველოს ტერიტორიაზე.
შემოსვლების უდიდესი ნაწილი (47.4%) 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
2025 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა — 187.7 ათასი — დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე — სომხეთი 13%-ით. ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთის (225.3 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (219.3 ათასი) და სომხეთის (180.8 ათასი) მოქალაქეების მიერ განხორციელდა.
ვიზიტორების უმრავლესობა, 48.8% მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი მთლიანი ვიზიტორების რაოდენობის 36.5%-ს შეადგენდა.
ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (42.2%) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით.
ვიზიტების უმრავლესობა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში დაფიქსირდა — შესაბამისად, 665.7 ათასი და 301.8 ათასი ვიზიტი.
2025 წლის I კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.50 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის I კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (5.45 ღამე) 0,8%-ით მეტია. ვიზიტების 85.1% განმეორებითი ხასიათის ვიზიტს წარმოადგენდა.
