უცხოელი ავტოდილერები მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდნენ – ალექსანდრე ნონიაძე

უცხოელი ავტოდილერები მილიონ ლარზე მეტით დაჯარიმდნენ – ალექსანდრე ნონიაძე
შემოსავლების სამსახურმა იმ უცხოელი ავტოდილერების შემოწმება დაიწყო, რომლებიც საქართველოში არაერთი მიმართულებით საქმიანობენ, გადასახადებს არ იხდიან და ამასთან ერთად, ქართველ ავტოდილერებს არათანაბარ კონკურენტულ პირობებში აყენებენ.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში ამ საკითხზე ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ნონიაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, უკვე შემოწმდა რამდენიმე ათეული არარეზიდენტი პირი, რომელთაც ჯამში, 1 მილიონ ლარზე მეტი მოცულობის ჯარიმა დაეკისრათ.
„რამდენადაც ვიცი, შემოწმდა ბაზრობები, პროფილაქტიკები, მათ შორის, რომლებიც მათ მფლობელობაშია. როცა საქართველოში ბიზნეს საქმიანობას აწარმოებ, არ აქვს მნიშვნელობა, რეზიდენტი ხარ თუ – არარეზიდენტი, უნდა დაიცვა კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. პირველი ეტაპისთვის, ვფიქრობ, საკმარისია, თუმცა, შედეგი რომ გამოიღოს, შემოწმებამ სისტემური ხასიათი უნდა მიიღოს.
რაც შეეხება პრობლემებს, რაც არარეზიდენტი ავტოდილერების გამო ქართველ ავტოდილერებს შეექმნათ – არ იხდიან გადასახადებს, ქვეყანაში გვაქვს ჭარბი მიწოდება, ცდილობენ და გამოსდით ავტომობილის დემპინგური ფასით ყიდვა და გაყვანა. ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ქართველი დილერი ლოგისტიკური ჯაჭვიდან ამოვარდა და ბევრს საერთოდ ბიზნესიდან გასვლა მოუხდა. სწორედ ამის გამო მივმართეთ სახელმწიფოს და იმედია, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით კონტროლის პროცესი გაგრძელდება“, – აცხადებს ალექსანდრე ნონიაძე.