„უცხოელებს თონის პურის, ხაჭაპურისა და მჭადის გამოცხობის პროცესში ჩართულობა ძალიან უყვართ“ – „გურნელების მარანი“
იმერეთში, სოფელ გურნაში მდებარე “გურნელების მარნის” დამფუძნებლის, მამუკა კაკუშაძის ინფორმაციით, უცხოელებს იმერული სამზარეულო (ფხალეულის, ლობიოს, მჭადის დაგემოვნება), თეთრი სახეობის ღვინო, “ცოლიკაურთან” ერთად ძალიან მოსწონთ.
როგორც მამუკა კაკუშაძე “ბიზნესპარტნიორთან” აღნიშნავს, უცხოელი სტუმრები ძირითადად – გერმანიიდან, ჩეხეთიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან ჰყავთ და საჭმლის მომზადების პროცესში, ჩართულობის ინიციატივას ხშირად გამოთქვამენ.
“ძირითადად ტურისტულ სააგენტოებთან ვთანამშრომლობთ. ჩვენი მომხმარებლების უმეტესობა (90%) უცხოელია, დანარჩენი მცირე ნაწილი კი, (10%) ადგილობრივ მოსახლეობაზე მოდის. გამომდინარე იქიდან, რომ იმერული სამზარეულო, უფრო თეთრ ღვინოზეა ორიენტირებული უცხოელებისთვის “ცოლიკაურის” დაგემოვნება უფრო საინტერესოა.
უფრო კონკრეტულად, ღვინის დაგემოვნების კუთხით კი, თუ სტრუქტურულად ტურისტების ჯგუფში, ქალბატონები მეტია, ისინი უპირატესობას წითელ ღვინოს ანიჭებენ. ასევე მნიშვნელობა აქვს ამინდს, მომხმარებლები ზაფხულის ცხელ დღეებში თეთრ ღვინოზე აკეთებენ აქცენტს, შემოდგომაზე კი პირიქით – წითელ ღვინოს მიირთმევენ.
რაც შეეხება თავად ღვინოს, 2 ტიპის გვაქვს: თეთრი ღვინო „ცოლიკაური“ და წითელი ღვინო – “ოცხანური საფერე”. ღვინის დამზადება იმერული წესით ხდება, რაც გულისხმობს ნაკლებ ჭაჭაზე წვენის დადუღებას, შემდეგ კი, ღვინის მიღებას, რასაც ქვევრში და იტალიური წარმოების ავზებში ვათავსებთ“, – აღნიშნავს მამუკა კაკუშაძე.
ამასთან, კომპანია „გურნელების მარნის“ დამფუძნებლის ინფორმაციით, მათი გაყიდვები, ყოველწლიურად, 5%-დან 10%-მდე იზრდება.
“გაყიდვების ზრდის ტემპი ყოველთვის დამოკიდებულია, სარეკლამო ღონისძიებებზე, ვინაიდან, ჩვენი მარანი ცოტა მოშორებით მდებარეობს. მოგეხსენებათ, რეკლამა, როდესაც სერვისთან თანხვედრაში მოდის მომხმარებლების რაოდენობა იზრდება. ამასთან, იმედია, ტურისტების რაოდენობა ქუთაისში გაიზრდება, რადგან ეს ყველაფერი ჩვენს საქმესთან პირდაპირაა მიბმული.
წინასწარ ჯავშნებს რაც შეეხება, ახლა არ გვაქვს, მაგრამ ადგილობრივ მომხმარებლებისგან კორპორაციულ შეკვეთაზე ვმუშაობთ… ამავდროულად, წელს ახალი ინიციატივა გვაქვს, გვინდა მომხმარებლებს მიტანის სერვისი შევთავაზოთ. ამ ეტაპზე მე და ჩემი გუნდი, აღნიშნულ იდეის სისრულეში მოყვანაზე აქტიურად ვმუშაობთ”, – აცხადებს მამუკა კაკუშაძე.
„გურნელების მარნის“ დამფუძნებლის ცნობით, კომპანია ღვინის ექსპორტზე გატანას არ აპირებს, რადგან ღვინის რაოდენობა შეზღუდული აქვთ.
„სოფელი გურნა სპეციფიკური ადგილია, ღვინის რაოდენობა შეზღუდული გვაქვს, შესაბამისად, ექსპორტზე ღვინის გატანა გამორიცხულია – მიწოდების ჯაჭვი ჩამეშლება. ადგილობრივ ბაზარზე კი, მხოლოდ კორპორაციულ შეკვეთებზე უნდა ვიმუშაოთ, რადგან მაღაზიებისთვის პროდუქტის მუდმივ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფ. რაოდენობის გაზრდა ხარისხის დაცემას გამოიწვევს, რასაც ვერ დავუშვებ“, – აღნიშნავს მამუკა კაკუშაძე.
ცნობისთვის, „გურნელების მარანი“ იმერეთში, ქუთაისიდან დაახლოებით, 30 კმ-ზე მდებარეობს. ღვინის მარანი ადგილობრივ ბაზარზე 10 წელია ოპერირებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, ₾200 000-ია. ამასთან, „გურნელების მარანი“ 700 კვ. მეტრზეა აშენებული, ვენახები კი 1 ჰექტარს მოიცავს.
