“უცხოელები ხშირად აკეთებენ საქართველოში პროფესიონალურ ღონისძიებებს, ქორწილებიც დაიწყეს” – “გარდენ ჰოლი”

საქართველოში საქმიანი და გასართობი ღონისძიებების მაღალპროფესიონალურ დონეზე ორგანიზება უფრო მოთხოვნადი ხდება. როგორც სადღესასწაულო სივრცე “გარდენ ჰოლის” დამფუძნებელი ეკა ჯალაღონია BMG-ის გადაცემა “ქალების ნარატივში” განმარტავს, პოპულარობასთან ერთად, შეიცვალა მომხმარებლის ქცევაც და ახლა მიმწოდებლების მიმართ გაცილებით მაღალი მოთხოვნები არსებობს.
“ბუნებრივია, მოთხოვნაც ბევრი გაჩნდა და, ადრე თუ მხოლოდ სამზარეულოს აქცევდნენ ყურადღებას, რომ მთავარია კერძები იყოს კარგი და დანარჩენი ნაკლებად აინტერესებდათ, ახლა ყველა დეტალი აინტერესებთ აბსოლუტურად: თეფში, ჭიქა, დანა, ჩანგალი – ყველაფერი არის მნიშვნელოვანი და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს სტუმრის მოთხოვნას ჩვენ მიმართ ზრდის. ჩვენც, ბუნებრივია, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ვიყოთ სულ მოწოდების სიმაღლეზე და, მაგალითად, 10 წელიწადი ერთი და იგივე ჭურჭელი არ ვამუშაოთ. სულ ვცდილობთ, რომ რაღაც განვაახლოთ, იმიტომ, რომ ზუსტად ვიცით, რომ ყველა ადამიანს თავისი მოთხოვნა აქვს და ეს უკვე ქმნის მაღალ ხარისხს”, – განმარტა ეკა ჯალაღონიამ.
მისივე თქმით, იზრდება მოთხოვნა უცხოელი სტუმრებისგანაც. როგორც ჯალაღონიამ აღნიშნა, “გარდენ ჰოლის” სივრცე ხშირად ეთმობა როგორც საელჩოების ღონისძიებებს, ასევე საქორწილო წვეულებებსაც.
“არ ვიცი სხვა სივრცეებში როგორ არის, მაგრამ ჩვენ უცხოელებს ძალიან ხშირად ვმასპინძლობთ. ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საელჩოებთან და ამ კუთხით განებივრებულები ვართ. არ ვიცი სხვაგან რა ხდება, მაგრამ ჩვენ მუდმივად ვართ ამ მიმართულებით დატვირთული.
სხვათა შორის ახლა ქორწილებიც დაიწყეს. ძალიან ტრენდული გახდა და ძალიან ბევრი უცხოელის და ქართველის წყვილი გვყავს და ისეთი კარგი ტანდემები არის, ისეთი კარგი ქორწილები დგება ამ დროს… საინტერესოა, როდესაც ორი კულტურა არის წარმოდგენილი, მაგალითად, გვქონდა ქართულ-ინდური ორდღიანი ქორწილი, ისეთი ლამაზი იყო, ულამაზესია ეს ორი გაერთიანებული კულტურა…” – განაცხადა ეკა ჯალაღონიამ.