უცხოელების არალეგალურად დასაქმებაზე შესაძლოა, 10-20 ათას ლარიანი ჯარიმა განისაზღვროს

უცხოელების არალეგალურად დასაქმებაზე შესაძლოა, დამსაქმებლები 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე დაჯარიმდნენ. შესაბამისი საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტს მიმართეს.
კერძოდ, წინადადების მიხედვით: საქართველოში დამსაქმებლის მიერ, იმ იმიგრანტის (უცხო ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი) დასაქმება, რომელსაც არ აქვს კანონით გათვალისწინებული დასაქმების უფლება, გამოიწვევს დამსაქმებლის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
საკანონმდებლო წინადადების ავტორების განმარტებით, ამ ცვლილების მიზანია დამსაქმებლების პასუხისმგებლობის მკაფიოდ განსაზღვრა, წესების დარღვევით დასაქმების ფაქტებზე.

მათი თქმით, ცვლილებების შედეგად, შემცირდება არალეგალურად დასაქმება, წახალისდება ლეგალური შრომითი უფლებები, იმიგრანტთა შრომითი უფლებების უკეთ დაცვა მოხდება, ამასთან, გაიზრდება კანონის მიმართ ნდობა და სახელმწიფოს ავტორიტეტი.
ცნობისთვის, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების ავტორები არიან: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კახაბერ ძაგანია, ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი და დოქტორი ხათუნა საგინაშვილი, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბის პრეზიდენტი არჩილ გურგენიძე.