უცხოელებისთვის შესაძლოა, სამუშაო კვოტები დაწესდეს – ინიციატივა

უცხოელებისთვის შესაძლოა, სამუშაო კვოტები დაწესდეს – ამის შესახებ პარლამენტს საკანონმდებლო წინადადება გაეგზავნა, მისი განხილვა კი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს დაევალა.
წინადადების ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
უფრო კონკრეტულად ინიციატივაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში კონკრეტული საკურიერო კომპანიები კურიერებთან თანამშრომლობენ ე.წ საპარტნიორო ხელშეკრულებით, რომელიც წერილობით არ ფორმდება და დაინტერესებული პირი მას მხოლოდ ონლაინ ეთანხმება.
წინადადების ავტორები წერენ, რომ შედეგად, კომპანიებმა კურიერად მუშაობა დააწყებინეს უცხოეთი მოქალაქეებს ისე, რომ მათ შესაძლოა, არც ჰქონდეთ “უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონდე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული, საქართველოში ლეგალურად დასაქმებისთვის აუცილებელი საიმიგრაციო DI კატეგორიის ვიზა.
როგორც საკანონმდებლო წინადადების
ავტორები მიიჩნევენ, უცხოელთა მზარდი სიმრავლის გამო, საკმარისი არ არის ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება. ამიტომ პარლამენტისთვის მათი მიმართვის მიზანია, მთავრობა კომპლექსურად მიუდგეს საკითხს და გაითვალისწინოს აწმყოსა და მომავალში არსებული რისკები.
მათი თქმით, მზარდი იმიგრაციისა და სუსტი კონტროლის გამო, ადგილობრივები კარგავენ სამუშაო ადგილებს.
“ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, მრავალ ქვეყანაში დაწესებულია დასაქმებია კვოტები, რაც
ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და ადგილობრივების სამუშაო ადგილების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
მოგმართავთ, რათა პარლამენტმა უახლოეს პერიოდში შეიმუშაოს კანონპროექტი შრომის ბაზარზე უცხოელებისთვის კვოტების დაწესების შესახებ”,- ვკითხულობთ მიმართვაში.
საკანონმდებლო წინადადების ავტორები არიან რიგითი მოქალაქეები.