1989 წლის 9 აპრილის დილა საეტაპო ისტორიული მოვლენა გახდა საქართველოსთვის: ის დიდი ტრაგედია ერის გამოღვიძების ათვლის წერტილად იქცა. უჩვეულო ერთიანობა, პატივისცემა და სიყვარული სუფევდა მაშინ. უკვე ძალზე ბევრი პუბლიკაცია მიეძღვნა „9 აპრილის“ თემას, ამიტომ დღეს ჩემი მიზანია ამ ტრაგედიის ნაკლებად ცნობილი ასპექტების ანალიზი წარმოგიდგინოთ. კონკრეტულად კი, მოსკოვიდან გამოგზავნილი სპეცრაზმების, უპირველესად – „ალფას“ დღემდე გასაიდუმლოებული მოქმედებები უნდა განვიხილოთ.
მოდი, ჯერ ის დავადგინოთ, თუ როდის და რა მიზნით აღმოჩნდა სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფი „ალფა“ თბილისში. ამ ტრაგედიის შემდეგ სსრკ-ის სახალხო დეპუტატთა ყრილობის გადაწყვეტილებით შეიქმნა 1989 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების საგამოძიებო კომისია, რომლის თავმჯდომარედ არჩეული იქნა სახალხო დეპუტატი ანატოლი სობჩაკი. აღნიშნული კომისიის, რომელსაც შემდგომში „სობჩაკის კომისიადაც“ მოიხსენიებდნენ, მიერ მომზადებული დასკვნა იმ პერიოდისთვის მეტ-ნაკლებად ობიექტური იყო. “კომისიის“ მიერ მომზადებულ დასკვნაში ბევრი ძალზე საინტერესო საიდუმლო ოფიციალური დოკუმენტი იყო მოპოვებულ/შესწავლილი. ირკვევა, რომ 1989 წლის 7 აპრილს, 20 საათსა და 35 წუთზე, საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პირველი მდივნის, ჯ. პატიაშვილის ხელმოწერით მოსკოვში გაიგზავნა დეპეშა, სადაც პატიაშვილი მოსკოვს სთხოვდა ქ. თბილისში სამხედრო ქვედანაყოფების შემოყვანას, საგანგებო მდგომარეობის (კომენდანტის საათის) შემოსაღებად. „კომისიის“ დასკვნაში მართებულად იყო მითითებული, რომ ამ დეპეშაში გადმოცემული პოლიტიკური ვითარების შეფასება სრულად არ შეესაბამებოდა საქმის რეალურ მდგომარეობას და არ იყო საკმარისი საფუძველი ქ. თბილისში ამგვარი რადიკალური გადაწყვეტილებების მისაღებად, რაც შესაძლოა დაძაბულობის ესკალაციის მაპროვოცირებელი მიზეზი გამხდარიყო.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ 1989 წლის 9 აპრილს ქ. თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიების დროს არ გამოვლენილა ტერორისტული აქტები, არ დადგენილა ხელისუფლების ხელში ჩაგდების რეალური მცდელობის ფაქტები, პოლიტიკური მოტივებით ძალადობის ან თავდასხმის შემთხვევები, საბჭოთა და პარტიული ორგანოების მუშაკთა, კომუნისტთა ან არაქართველი ეროვნების მოქალაქეთა მიმართ. მიტინგს კი თან სდევდა პროტესტის ისეთი პასიური ფორმა, როგორიცაა მასობრივი მრავალდღიანი შიმშილობა. მართლაც იმ საპროტესტო მიტინგებში მონაწილეებს გვახსოვს, რომ მთავრობის სახლთან 100-ზე მეტი ადამიანი შიმშილობდა. თავად მიტინგზე გამომსვლელების სიტყვები არ შეიცავდა ექსტრემისტულ მოწოდებებს და არავინ ფიქრობდა მთავრობის სახლის ან სხვა სახელმწიფო ორგანიზაციის შენობების შტურმით აღებას. იმ ავბედით 8 აპრილის საღამოსაც ჩემს მეგობრებთან ერთად ღამის თორმეტ საათამდე მიტინგზე ვიყავით და არაფერი მოასწავებდა, რომ ვინმე აპირებდა სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას. თუმცა სულ სხვანაირად ფიქრობდნენ პატიაშვილი და ნიკოლსკი: მოსკოვის წინაშე სუსტ ხელმძღვანელებად რომ არ გამოჩენილიყვნენ და თბილი სავარძლები არ დაეკარგათ, ისინი ყველაზე რადიკალური გზით წავიდნენ, როგორც ზემოთ დავინახეთ, უკვე 7 აპრილს ქ. თბილისში საგანგებო მდგომარეობის (კომენდანტის საათის) შემოღებას ითხოვდნენ. ეს ღონისძიება კი გულისხმობს: მოქალაქეთა გადაადგილების შეზღუდვას; ქუჩაში ყოფნის აკრძალვას, სპეციალური ნებართვის გარეშე; საჯარო შეკრებებისა და ღონისძიებების აკრძალვას; ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას; სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილების გაფართოებას და ა.შ. ამ ყველაფერს კი საქართველოსა და თბილისში საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რეგიონიდან ახალ-ახალი სამხედრო დანაყოფების შემოყვანა დასჭირდებოდა. ჯერ თავად ჯ. პატიაშვილს მოვუსმინოთ.




