სამხედრო ბლოგერის, უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს. ინფორმაცია ტაბულას იაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ დაუდასტურა.
ჯერჯერობით უცნობია რა გახდა იაშვილის დაკავების მიზეზი. ტაბულა ინფორმაციის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ცდილობს.
პარალელურად, დღეს ბრალს წარუდგენენ 9 მაისს დაკავებულ ბლოგერს, უჩა აბაშიძეს. მისმა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ ტაბულას უთხრა, რომ აბაშიძისთვის ბრალის წარდგენის პროცედურაზე დასასწრებად უფლებადამცველებს დაკავებულთან მალე შეუშვებენ.
სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე პოლიციელებმა სახლიდან რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ გაიყვანეს. ადვოკატებს საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი დროის განმავლობაში ადგილზე არ უშვებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა სამთავრობო უწყების ვებგვერდზებზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა აბაშიძის #22 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
უჩა აბაშიძე დააკავეს სიხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვას გულისხმობს.
დაკავებამდე პოლიციელებმა ბლოგერის სახლიდან ნივთები გაიტანეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გუშინ, 9 მაისის ღამეს პოლიციამ ჭავჭავაძის გამზირზე 11 ადამიანი დააკავა, მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, უჩა აბაშიძე ძალოვანთა მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და სიტყვიერ შეირაცხყოფაზე საუბრობს. ომბუდსმენის წარმომადგენელი აბაშიძეს შეხვდა. აპარატის ინფორმაციით, სამხედრო ბლოგერი სახლის ჩხრეკის პერიოდში სისტემატურად ითხოვდა ადვოკატის შეშვებას, თუმცა უშედეგოდ.
