უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს
დაკავებული ბლოგერის უჩა აბაშიძის ცოლი, მარიამ იაშვილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორმულა“, ადვოკატ შოთა თუთბერიძეზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მარიამ იაშვილის დაკავებას არ დაესწრნენ ადვოკატები. ისინი უჩა აბაშიძესთან იმყოფებიან, რომელსაც რამდენიმე წუთში ბრალი უნდა წარუდგინონ.
მარიამ იაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, რას ედავება მას გამოძიება. ადვოკატები მასთან უჩა აბაშიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ მივლენ.
უჩა აბაშიძე 10 მაისს დააკავეს. მის სახლში პოლიცია შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა. თითქმის სამი საათის განმავლობაში მას არ აძლევდნენ ზარის განხორციელების უფლებას, მასთან არ უშვებდნენ ადვოკატებს. საბოლოოდ, ადვოკატი აბაშიძესთან სახლიდან გამოყვანამდე რამდენიმე წუთით ადრე შეუშვეს.
ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან.
ბლოგერის ძმა, გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ უჩა სახლში რეგისტრირებულ იარაღს ინახავდა.
მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც აბაშიძის სახლშია გადაღებული და მასში “დიდი რაიდენობით იარაღი ჩანს” – სინამდვილეში შსს-მ Airsoft-ის სათამაშო თოფებიც აჩვენა.