უჩა აბაშიძის შემდეგ, ჭავჭავაძის გამზირზე, პოლიციამ კიდევ 10 ადამიანი დააკავა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 9 მაისს ჯამში 11 ადამიანი დააკავეს. მათგან 5 ხელწერილის საფუძველზე უკვე გათავისუფლებულია. გამოძება 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ანტირუსული აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი გუშინ სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძის სახლთან, მას შემდეგ შეიკრიბა, რაც პოლიცია მის სახლში შევიდა. საგამოძიებო მოქმედებების დროს, რომელიც რამდენიმე საათს გაგრძელდა სამართალდამცველები აბაშიძესთან არც ადვოკატს და არც მის ოჯახის წევრებს არ უშვებდნენ. საბოლოოდ, ის იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
აბაშიძის დაკავების შემდეგ მის სახლთან შეკრებილი მოქალაქეებმა ჭავჭავაძეზე გადაინაცვლეს, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისკენ წავიდნენ. სწორედ ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით.
დღეს, დაკავებულებს შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი. მისი ინფორმაციით, ისინი პოლიციელების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობენ. მოქალაქე თიკა ვაშაკიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და მის მეგობრებს რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა მაშინ, როცა წაქცეული მოხუცი კაცის წამოყენებას ცდილობდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ